ფეხბურთი

10:59 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდელებმა „ქაისერსპორის” ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეს

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ სპარინგ-მატჩი თურქული „ქაისერსპორის“ 21-წლამდელთა გუნდთან გამართა და 2:0 იმარჯვა.

ქართული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თამაში ზუგდიდელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე მათ ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, როცა გოდერძი მაჩაიძის ზუსტი ფლანგური გადაცემის შემდეგ გოგი ფიფიამ ბურთი თავით კარში გადაგზავნა, თუმცა „ქაისერისპორის“ კიპერმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

მერე ცოტნე სამუშიას გადაცემას, გიორგი ბულია გამოეხმაურა დროულად და ვარდნაში ძლიერი დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ მცირედით ააცილა. 16-ე წუთზე ლევან წურწუმიამ დაჰკრა საჯარიმოს ხაზს გარედან, ბურთი მეტოქის კარის ხარიხას ზემოდან გადაევლო. მე-20 წუთზე სოსო მალანიამ სახიფათო სტანდარტული შეასრულა და მისი დარტყმულიც მცირედი ასცდა კარს.

32-ე წუთზე კი ზუგდიდელებმა ანგარიში გახსნეს. შეტევა კარგად გააგრძელა გოგი ფიფიამ და ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გიორგი ბულია დატოვა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში ბესიკ შეროზიამ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. ზუგდიდელებს უპირატესობა ამის შემდეგაც არ დაუკარგავთ და საგოლე მომენტებიც შექმნეს. ქაისერელთა კარი ზედიზედ ორჯერ ძელმა იხსნა, როცა შეცვლაზე შესულმა გიორგი ჩანადირმა დაარტყა და ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა, ხოლო ცოტა ხანში ძელს მურთაზ ჩანგელიამ მოახვედრა. ყველაზე დასამახსოვრებელ გოლთან ახლოს გიორგი გავაშელიშვილი იყო, როცა მან თითქმის საკუთარი საჯარიმოდან, მაღალი ტრაექტორით მეტოქის კარში გადაგზავნა, მეკარე გამოსული იყო და ბურთი მისგან მარცხენა ძელს მოხვდა. ზუგდიდელებმა მეორე ტაიმშიც ერთი გოლი გაიტანეს და შეხვედრაც ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემით დათო კუტალია გამოირჩა, ხოლო გოლი კი გურამ სამუშიამ გაიტანა. მესამე გოლის გატანასთან ახლოს, დიმა თუთბერიძე იყო, მან ტექნიკურად სამი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ამხანაგური შეხვედრა ტრავმის გამო ვახტანგ კვარაცხელიამ გამოტოვა.

ზუგდიდი - ქაისერსპორი U-21“ 2:0

თურქეთი, ავანოსი, 27 ივლისი

გოლი: ბულია (32), გ.სამუშია (65)

პირველი ტაიმი: მამალაძე, მაჩაიძე, გავაშელიშვილი, თიბილაშვილი, ჯავაშვილი, წყაროზია, მალანია, წურწუმია, ც.სამუშია, ფიფია, ბულია

მეორე ტაიმი: ჯომიდავა, ჩანადირი, ჟვანია, გ.სამუშია, ელიავა, ნარმანია, ჩანგელია, ტყემალაძე, ქანთარია, დ.კუტალია, ფარჯიკია (თუთბერიძე)

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრესსამსახური

თეგებიზუგდიდი
0.122012