ფეხბურთი

23:59 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოტამენდი “ვალენსიას” შეუერთდა

არგენტინელი ცენტრალური მცველი ნიკოლას ოტამენდი 27 ივლისს არდადეგებიდან დაბრუნდა და “ვალენსიას” საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა.

ნიკოლასი ნუნუ ესპირიტო სანტოსა და თანაგუნდელებს თბილად შეხვდა და ჩვეულებრივად ივარჯიშა, ხოლო რამდენიმე საათში სეზონისწინა ბოლო შეკრებაზე გუნდთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც “ღამურები” ამხანაგურ ტურნირ “კოლონია თასზე” მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც “კიოლნსა” და “პორტოს” დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, რომ გასული სეზონის დასრულებისთანავე აქტიურად დაიწყო საუბარი ოტამენდის “ვალენსიადან” წასვლაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელით “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალი” ინტერესდებიან, რომელთაგან ყველაზე მეტად “იუნაიტედი” აქტიურობს. ფეხბურთელის აგენტი ეუხენიო ლოპესი ამბობდა, რომ ნიკოლასს “ვალენსიადან” წასვლა სურდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. თავის მხრივ, “ღამურების” ხელმძღვანელობამ კონტაქტის მიხედვით იმოქმედა და 27 წლის მცველის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევრო დაასახელა.

ვალენსიური გამოცემის Superdeporte-ს უკანასკნელი ცნობების თანახმად, “ლოს ჩეს” მიერ მოთხოვნილ თანხას არცერთი კლუბი არ იხდის, ხოლო ნიკოლასმა თავისი შვილები ვალენსიურ სკოლაში ჩაწერა. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ ცენტრალური მცველი “ვალენსიას” შეკრებაზე გაჰყვა და მომდევნო სეზონისთვის დაიწყო მზადება, რაც იმას მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით “მესტალიაზე” დარჩება.

თავის მხრივ, ნუნუ ესპირიტო სანტოს სურს, რომ ერთ-ერთმა ლიდერმა თავი კომფორტულად იგრძნოს და გუნდიდან წასვლაზე აღარ იფიქროს. პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა, რომ ნიკოლასს ვიცე-კაპიტნობა შესთავაზოს და კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის ხელფასი მნიშვნელოვნად გააზრდევინოს.

0.166431