ფეხბურთი

14:14 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა: ირლანდია - გასატეხი ნავსი

ვაგრძელებთ საქართველოს ნაკრების მეტოქეების წარდგენას. ამჯერად კი ირლანდიის ნაკრებზე ვისაუბრებთ.

საწყისი

ირლანდიის ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1924 წელს ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატრა და მინიმალურად, 1:0 მოიგო. ყველაზე დიდი ანგარიშით კი "კელტებს" 1983 წელს მალტა ჰყავთ დამარცხებული - 8:0. სამაგიეროდ, ერთი წლით ადრე ბრაზილიასთან 0:7 წააგეს, რაც ამ ქვეყნის ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია.

ფინალური ეტაპი

ირლანდიელთა საამაყო გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ, ხოლო ევროპის კი ორჯერ გაუღწევია. პირველად ასეთ წარმატებას მათ 1990 წელს უწიეს, როცა იტალიაში გამართულ მუნდიალზე ითამაშეს, თანაც წარმატებით. მათი სვლა აპენინზე მეოთხედფინალში მასპინძელთა გუნდმა შეაჩერა. შემდეგ იყო აშშ-ს 1994 წლის მუნდიალი, სადაც ამჯერად მერვედფინალში გააღწიეს. იქ კი ჰოლანდიასთან 0:2 დამარცხდნენ. თუმცა მანამდე ჯგუფურ ეტაპზე თვით იტალიას სძლიეს. ბოლოჯერ ირლანდიამ პლანეტის პირველობის ფინალურ ეტპაზე 2002 წელს ითამაშა. აზიაში ჩატარებულ ტურნირზეც მიკ მაკარტის გუნდმა ჯგუფური ბარიერი დაძლია, მაგრამ პლეი-ოფის პირველ სტადიაზე ესპანეთთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში წააგო.

ევროფორუმის მთავარ ეტაპზე კი მათ 1988 და 2012 წელს აქვთ ნათამაშები. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში "კელტებმა" ჯგუფში ოთხი ქულა დააგროვეს, ხოლო სამი წლის წინ კი იტალიასთან, ხორვატიასთან და ესპანეთთან ვერაფერს გახდნენ და ტურნირი უქულოდ დაასრულეს.

2010 წელს კი ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო. პლეი-ოფში საფრანგეთის ნაკრებთან პარიზში, განვითარებული მოვლენები კარგა ხანს ყბადაღებული თემა გახლდათ...

ახლა

ამჟამად კი ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ცდილობს. თანაც, ჩვენს შესარჩევ ჯგუფში. თუმცა მარტინ ონილის გუნდს საფრანგეთის ბილეთების მოპოვება ერთობ გაუძნელდება, რადგან 6 ტურის შემდგომ მხოლოდ მე-4 ადგილს იკავებს.

წარსული

როი კინი წლების განმავლობაში საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" კაპიტნობდა. მას თავისი სამშობლოს ღირსება 67-ჯერ დაუცავს. 2002 წელს კი მუნდიალის მოსამზადებელ ეტაპზე მთავარ მწვრთნელ მიკ მაკარტისთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ნახევარმცველმა ნაკრები დატოვა.

ახლანდელი გუნდი

ირლანდიის ნაკრების ლიდერად ამერიკული ლოს ანჯელეს "გალაქსის" ვეტერანი ფორვარდი რობი კინი მიიჩნევა. კინს ნაკრებში ყველაზე მეტჯერ უთამაშია (140) და ყველაზე მეტი გოლიც გაუტანია (65, მათ შორის 5 გოლი საქართველოს ნაკრების კარში). მის გარდა, გლენ უელენის, ეიდენ მაკგიდისა, სიმუს კოულმენის გამორჩევა შეიძლება. მთლიანობასი კი ამ გუნდის ძირითადი მახასიათებელი ერთიანობა და გუნდური თამაშია.

ჩვენთან

თუ უელსთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს, იგივეს ვერ ვიტყვით ირლანდიაზე - 6 მატჩი, 6 წაგება - ასეთია ბალანსი.

პირველად ირლანდიელებს 2004 წლის ევროშესარჩევში დავუპირისპირდით. მაშინ "კელტებმა" ჯერ თბილისში მოგვიგეს, შემდგომ კი დუბლინში.

2010 წლის მუნდიალის კვალიფიკაციაში კი ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 1:2. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო თბილისში გასამართი შეხვედრა ჩვენი დედაქალქის ნაცვლად, მაინცში გაიმართა, ხოლო დუბლინში განვითარებული მოვლენები ცალკე აღწერას მოითხოვს. მაშინ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 11 ირლანდიელის გარდა, მსაჯიც მოქმედებდა... არადა, ალექსანდრე იაშვილმა პირველიე წუთზე დაგვაწინაურა...

საერთოდ 2:1 ამ გუნდთა შორის პოპულარული ანგარიშია. სწორედ ასე დასრულდა ჩვენი ბოლო შეხვედრა, რომელიც გასულ შემოდგომაზე "დინამო არენაზე" გაიმართა. იმ მატჩის გმირი ეიდენ მაკგიდი გახდა, ვინაც დუბლი გაიფორმა, გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.

ერთი შეხვედრა კი ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამხანაგური ანგარიშით ნაკლებად დასრულდა - 0:4. ეს კი 2013 წლის ზაფხულში მოხდა.

ისიც სათქმელია, რომ მუნდიალის შესარჩევ მატჩებამდე ირლანდია და საქართველო სულ მალე კიდევ ერთხელ შეხვდებიან. 7 სექტემბერს მატჩს დუბლინი უმასპნძლებს.

საქართველო - ირლანდია 1:2 (ევრო 2004-ის შესარჩევი)

29 მარტი, 2003 წელი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 10.000

გოლები: დაფი (18), კობიაშვილი (62), დოჰერტი (84)

ირლანდია - საქართველო 2:0 (ევრო 2004-ის შესარჩევი)

11 ივნისი, 2003, დუბლინი, "ლენსდოუნ როუდი", 36.000

გოლები: დოჰერტი (43), კინი (59)

საქართველო - ირლანდია 1:2 (2010 წლის მუნდიალის შესარჩევი)

6 სექტემბერი, 2008, მაინცი, "ბრუხვეგი", 4.500

გოლები: დოილი (13), უელენი (70), ყენია (90)

ირლანდია - საქართველო 2:1 (2010 წლის მუნდიალის შესარჩევი)

11 თებერვალი, 2009, დუბლინი, "კროკ პარკი", 45.000

გოლები: იაშვილი (1), კინი (73 პენ, 78)

ირლანდია - საქართველო 4:0 (ამხანაგური მატჩი)

2 ივნისი, 2013, დუბლინი, "ავივა სთედიუმი", 40.000

გოლები: კოეგი (42), კოქსი (48), კინი (77, 88)

საქართველო - ირლანდია 1:2 (ევრო 2016-ის შესარჩევი)

7 სექტმბერი, 2014, თბილისი, "დინამო არენა", 22.000

გოლები: მაკგიდი (24, 90), ოქრიაშვილი (38)

მატჩების განრიგი

ირლანდია - საქართველო, 2016 წლის 6 ოქტომბერი

საქართველო - ირლანდია, 2017 წლის 2 სექტემბერი

0.111802