წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაწყებული ტურნირის პირველ მატჩში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი შვედეთს შეხვდა და რომ იტყვიან, უბრძოლველად – 50:82 წააგო.
სკანდინავიელები ელიტარული, „ა“ დივიზიონიდან შარშან გამოვარდნენ. შვედებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და წელს ელიტაში დასაბრუნებლად იბრძოლებენ, ქართველებს კი, როგორც ჩანს, წინ დიდი ბრძოლები ელით, ჯგუფიდან გასვლა რომ მოახერხონ.
არადა, შვედეთთან მატჩი ქართველებმა კარგად დაიწყეს. პირველი მეოთხედი კაზანჯიანის გუნდმა მხოლოდ 1 ქულით - 15:16 დათმო, თუმცა მეორე პერიოდიდან ვითარება კარდინალურად შეიცვალა. სკანდინავიელებმა დაცვა გაამაგრეს და ქართველებმა შეცდომებს უხშირეს. შვედებს 210 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი ჰყავდათ, თუმცა მოხსნებში გვჯობნიდნენო, ვერ ვიტყვით. ჩრდილოელებს შეტევის უკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ და საშუალო მანძილებიდან ტყორცნებში აშკარად გვაჯობეს. შვედებმა 48 ცდიდან 25 ორქულიანი ჩააგდეს, როცა ქართველებმა 40-დან მხოლოდ 14 ორიანი გაარტყეს მიზანში.
მეორე მეოთხედი შვედებმა 24:8 მოიგეს და დიდ შესვენებაზე დამაჯერებელი – 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ამის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. სკანდინავიელებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და საბოლოოდ, 22 ქულით იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებში 14 ქულით ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა, ვილი ისიანის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა იყო.
ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ 80:65 მოუგო სლოვაკეთს, შოტლანდიისა და რუმინეთის მატჩი კი ჯერაც არ დასრულებულა. ხვალ, კაზანჯიანის გუნდი შოტლანდიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 23 ივლისი
შვედეთი 82:50 საქართველო (16:15, 24:8, 15:12, 27:15)
საქართველო: ბულაშვილი (14), აფხაზავა, გოგალაძე (2), ფურცხვანიძე (5 ქულა, 8 მოხსნა), ცირეკიძე (4), გოგობერიშვილი, ისიანი (11 ქულა, 10 მოხსნა), დარბაიძე, ბაბილოძე (3), გიორგაძე (2), ლომიძე (3), თვალაბეიშვილი (6)
www.gbf.ge