გორში "თენგის ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, “დილამ” “პარტიზანი” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში მიიღო და 0:2 წააგო.
შეხვედრა თანაბარი თამაშით დაიწყო, თუმცა “პარტიზანმა” ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა. მეექვსე წუთზე ვალერი ბოჟინოვი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და გორელთა სასიხარულოდ მისი დარტყმული ალექსეი შევჩენკომ აიღო.
სერბებმა უპირატესობა კიდევ გაზარდეს და ბულგარელი თავდამსხმელის შემდეგ ანდრეი ჟივკოვიჩმა “დილას” კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
გორელებმა თამაშის დალაგება შეძლეს და ბურთის ფლობის უპირატესობაც მოიპოვეს.. მე-16 წუთზე ირაკლი მოდებაძისა და გიორგი ილურიძის კომბინაცია, საბოლოოდ ამ უკანასკნელის კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ჟივკო ჟივკოვიჩს ბურთის აღება არ გასჭირვებია.
ილურიძის მომენტის შემდეგ, ანდრეი ჟივკოვიჩმა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი კარს მცირედით ასცდა.
24-ე წუთზე მარცვალაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარში ირაკლი ძარიამ გადაგზავნა, ბურთი მეტოქე ფეხბურთელს მოხვდა და მეკარემ მოიგერია. კუთხურიდან ბურთი გიორგი ნავალოვსკიმ ჩააწოდა, მოდებაძემ კარისკენ დაარტყა და ბურთი მოედნის მიღმა აღმოჩნდა. აღნიშნული მომენტის შემდეგ, ლაშა გვალიამ შორეული დარტყმა განახორციელა და ბურთი კარს კვლავ ასცდა.
37-ე წუთზე “დილას”| მდგომარეობა დამძიმდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე ნემანია პეტროვიჩმა ორი ქართველი ფეხბურთელი მოატყუა და ბრაშანაჩს უპასა, “პარტიზანის” ფეხბურთელმა კი ბურთი კარში მშვიდად გადაგზავნა და სერბებს უპირატესობა მოუპოვა.
პირველი ტაიმის მიწურულს “დილამ” გაიბრძოლა. კუთხურიდან ილურიძის მოწოდებული ბურთი მოდებაძემ თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა გოლი მაინც არ გავიდა. შესვენებაზე “დილას” თავკაცის საფიქრალი კიდევ უფრო გაიზარდა. მეორე 45 წუთეულში გორელებს 3 გოლი უნდა გაეტანათ, ბელგრადელებს არც ერთი - "დილა" შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ასე თუ გავიდოდა.
შესვენების შემდეგ სოსიაშვილმა ილურიძის ნაცვლად ახალწვეული ისლამ მაშუკოვი შეიყვანა, ხოლო გიორგი პაპავას ნაცვლად - მათე კვირკვია.
კვირკვიამ მატჩი აქტიურად დაიწყო. 54-ე წუთზე შემტევმა ოთარ მარცვალაძეს უპასა, ამ უკანასკნელმა კი “პარტიზანის” კარის დალაშქვრა მოჭრილი დარტყმით სცადა, თუმცა უშედეგოდ. მალევე ნავალოვსკიმ დაარტყა, ჟივკოვიჩი კი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ორიოდე წუთში “დილას” ახალწვეულმა შევჩენკომ სერბთა ლეგიონერ აბუბაქარ ოუმაროუს დარტყმული ბურთი მოიგერია და კუთხურზე გადააგდო. “პარტიზანის” ფეხბურთელი ერთი შეხედვით თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა უკრაინელმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა.
65-ე წუთზე “დილას” მდგომარეობა ოუმაროუმ ძალიან დაამძიმა და შიდაქართლელები კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პირველი გოლის ავტორმა რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, აბუბაქარი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა კი “პარტიზანი” ორი ბურთით დააწინაურა.
გატანილი გოლის შემდეგ “დილას” გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც არასასიამოვნო სანახავი გახლდათ. გულშემატკივრებმა “დილას” ფეხბურთელების შეურაცხყოფა სცადეს და მოთამაშეებმა პასუხი გასცეს. საბოლოოდ, ნავალოვსკიმ და მარცვალაძემ ყვითელი ბარათი მიიღეს.
არასასიამოვნო ეპიზოდის შემდეგ “პარტიზანმა” რამდენიმე შეტევა განახორციელა და ხან შევჩენკო იგერიებდა დატყმულს, ხანაც ბურთი კარს სცდებოდა. 82-ე წუთზე სოსიაშვილმა შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა და მოედანზე გიორგი ერისთავი გამოიყვანა. ამ უკანასკნელმა მატჩში ჩართვიდან 5 წუთში საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა.
ვეროტურნირებზე ქართული ფეხბურთის ბოლო იმედმა გულშემატკივრების იმედი ვერ გაამართლა. ევროპა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე “დილამ” ვერ იყოჩაღა.
გორში თავის მხრივ, ისტორიული მატჩი გაიმართა. აქამდე შიდაქართლის ცენტრს ასეთი დონის მატჩისთვის არ უმასპინძლია, პირველივე ცდა კი გორული გუნდისთვის მარცხით დასრულდა. “დილამ” იბრძოლა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგას გატანილი გოლის გარეშე დაემშვიდობა.
21 ივლისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. 4 000
დილა – პარტიზანი 0:2 (0:0)
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა (კვირკვია 46), ძარია, გვალია, ილურიძე (მაშუკოვი 46), მოდებაძე, მარცვალაძე (ერისთავი 82).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
პარტიზანი: ჟივკო ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნემანია პეტროვიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი (ილიჩი 80), ბაბოვიჩი, ანდრია ჟივკოვიჩი, იევტოვიჩი, ოუმარუ (საპონიჩი 87), ბოჟინოვი (ნინკოვიჩი 68).
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
გოლი: 0:1 დარკო ბრაშანაჩი (37), 0:2 ოუმაროუ (65).
გაფრთხილება: მოდებაძე (19), ბრაშანაჩი (48), ბალაზიჩი (61), ნავალოვსკი (68), მარცვალაძე (68).
მთავარი მსაჯი: დანიელ სტეფანსკი (პოლონეთი)