ფეხბურთი

16:40 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უჩა სოსიაშვილი: “შეტევაზე კონცენტრირებულნი ვიქნებით”

გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე აგრეთვე გახლდათ გუნდის ახალწვეული უკრაინელი მეკარე ალექსეი შევჩენკო.

როგორც შიდაქართლელთა თავკაცმა განაცხადა, მომდევნო მატჩში “დილა” შეტევაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან პირველ შეხვედრაში დამარცხდა.

-პირველი მატჩი დაცვითი ტაქტიკით ითამაშეთ და მომდევნო შეხვედრაში ტაქტიკის შეცვლა მოგიწევთ...

უჩა სოსიაშვილი: “რა თქმა უნდა, კონკრეტულ შეხვედრაში ტაქტიკას მწვრთნელი გეგმავს იმის მიხედვით თუ რომელ გუნდს ეთამაშება. თურქეთში ამხანაგურ მატჩებზე პირველ ნომრად ვთამაშობდით. გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ და მატჩი გადააწყონ”.

- გუნდში როგორი მდგომარეობაა?

- 16 ივლისს ჩამოვედით და ამის შემდეგ თბილისში ვვარჯიშობდით. ბიჭები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად მზად არიან და მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან.

- ტაქტიკურ გადაადგილებებს თუ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, კონცენტრირებულნი შეტევაზე ვიქნებით და შემადგენლობაშიც შედარებით უფრო მეტი შემტევი სტილის ფეხბურთელი გამოჩნდება.

- გუნდი პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე და გორი პირველად უმასპინძლებს ასეთი დონის მატჩს, ისტორიული ფაქტია..

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაკო დარსაძეს და გიორგი ტუღუშს. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ გორში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრაში გულშემატკივრები ტრიბუნებს გაავსებენ და “დილას” გულმხურვალედ უგულშემატკივრებენ.

პრესკონფერენციის შემდეგ უჩა სოსიაშვილმა გუნდის წვრთნა დაიწყო. პირველი 15 წუთი ჟურნალისტებისთვის ვარჯიში ღია გახლდათ. როგორც გაირკვა, მატჩზე დასასწრები ბილეთები გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის სალაროებში უკვე გაიყიდა. შესაბამისად, 21 ივლისს “თენგიზ ბურჯანაძეზე” ანშლაგი იქნება.

“დილასა” და “პარტიზანს” შორის მატჩი 21 ივლისს 16:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს გორიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

პირველი მატჩი გორელებმა ბელგრადში 0:1 დათმეს.

0.307757