თბილისის “ვითა”, რომელიც გუშინ ვთბ-ლიგაში ოფიციალურად დაუშვეს, ტურნირს სერიოზული შემადგენლობით შეხვდება. ქართული კლუბის პრეზიდენტის თემურ დათიკაშვილის თქმით, “ვითა” უძლიერეს ქართველ კალათბურთელებს შეკრებს, ამას გარდა კი, ექვს ლეგიონერსაც აიყვანს.
დათიკაშვილის თქმითვ, ვითელთა მიზანი ვთბ-ლიგის პლეი-ოფში გასვლა იქნება: “გასულ წელს ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო, ამდენად, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვთბ-ლიგა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ჩვენი მიზანი კი ღირსეულად თამაში და პლეი-ოფში ასპარეზობა იქნება.
ჩვენ ბავშვთა სკოლაც გვაქვს და იქ იმდენი მსურველია, ადგილებიც კი არ გვაქვს. რადგანაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მესამედ გავიდა, კალათბურთი საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა, ის ჩვენთან ყოველთვის პოპულარული იყო. დასწრების მხრივ, სპორტის ეს სახეობა პირველ ადგილზეა. იმედი მაქვს, ვთბ-ლიგის მატჩებზეც დარბაზი სავსე იქნება.
ახალგაზრდულ გუნდს გავაკეთებთ, რომელსაც ყველაზე ძლიერი ქართველი კალათბურთელები შეემატებიან. არ ვგულისხმობ იმ სამ მოთამაშეს, რომლებიც ნბა-ში (ზაზა ფაჩულია), ესპანეთში (თორნიკე შენგელია) და ცსკა-ში (მანუჩარ მარკოიშვილი) ასპარეზობენ. გვეყოლება 6 ლეგიონერიც, მოკლედ, კარგი გუნდი იქნება”.
გაირკვა ისიც, რომ ვთბ-ლიგის ახალი სეზონი სტარტს 3-4 ოქტომბერს აიღებს და “ვითა” სადებიუტო მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში ვოლგოგრადის “კრასნი ოკტიაბრის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის ბიუჯეტი 375 მილიონი რუბლი იქნება.
და ერთიც. ვთბ-ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მონაწილეთა განახლებული რუქა გამოქვეყნდა და მასზე საქართველო სრული სახითაა წარმოდგენილი ანუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით. იმედია, ამ მხრივ ცვლილებები არც მომავალში იქნება...