კალათბურთი

23:34 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა საერთაშორისო მატჩი აკადემიაში: უკრაინამ საქართველო ბოლო მეოთხედში გატეხა

თბილისში სპარინგ-მატჩების ჩასატარებლად ჩამოსულია უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები. სლავთა გუნდი „ა“ დივიზიონის ბინადარია. უკრაინელებმა ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობის უფლება შარშან ზაფხულს მოიპოვეს, როცა „ბ“ დივიზიონის ფინალში გავიდნენ და მიუხედავად გერმანიასთან დამარცხებისა, ელიტაში ადგილი მოიპოვეს.

უკრაინელებმა საკუთარი ძალა საქართველოშიც გამოაჩინეს. ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიაში ქართულ-უკრაინული სპარინგის სანახავად საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც დაძაბული ორთაბრძოლის მომსწრენიც გახდნენ.

სამწუხაროა, რომ შეხვედრა გულშემატკივართა სურვილისამებრ არ დასრულდა. უკრაინელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და მიუხედავად არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორისა, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. მთავარი ფაქტორი, რაც უკრაინელებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა, უხეირო სტარტი და მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენა იყო.

სწრაფი, გუნდური და შედეგიანი თამაშის წყალობით ქართველები პირველ მეოთხედში 17 ქულით დაწინაურდნენ (27:10), თუმცა პერიოდის ბოლოსკენ ყურადღება მოადუნეს და უკრაინელებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედის შუაწელში უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი ვიტალი უსენკო თამაშიდან 2 ტექნიკური შენიშვნის გამო გააძევეს. უკრაინელები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, თუმცა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილები ერთ მუშტად შეიკრნენნენ და ტაიმის ბოლომდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს.

დიდი შესვენების შემდეგ თამაში თანაბარ კალაპოტში ჩადგა და მართალია, ქართველები მცირე ლიდერობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. ამაში ჩვენებს უპირველესად უკრაინელთა მწყობრი დაცვა უშლიდათ ხელს. ბოლო მეოთხედის დაწყების წინ ქართველები 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ უკრაინელებმა მოსახდენი ბოლო ათწუთეულში მოახდინეს. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა დარჩენილი დრო უკრაინელთა სრულ უპირატესობაში გაილია და საბოლოოდ სლავთა ნაკრებმა 13 ქულის სხვაობით – 76:63 იმარჯვა.

უკრაინელებმა ყველაზე დამაჯერებლად ფარქვეშ ბრძოლებში იმარჯვეს. სტუმრებმა ქართველებზე 14-ით მეტი ბურთი მოხსნეს. ქართველებიდან 5 მოხსნაზე მეტი არავის ჰქონია, როცა უკრაინელმა სერგეი პავლოვმა 11 მოხსნას 16 ქულაც მოაყოლა. რაც შეეხება ქულებს, ქართველთაგან საუკეთესოები 14-14 ერთეულით დავით ლომიძე და ვილი ისიანი იყვნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები 15 ივლისს, საკალათბურთო აკადემიაში, 13:00 საათზე ითამაშებენ.

18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. თბილისი. 14 ივლისი

საქართველო 63:73 უკრაინა (28:17, 15:20, 12:16, 8:23)

საქართველო: ბულაშვილი: (10), ლომიძე (14), ცირიკიძე (3), ისიანი (14), ფურცხვანიძე (3); თვალაბეიშვილი (2), დარბაიძე (2), გოგალაძე (1), გოგობერიშვილი (7), აფხაზავა (5), ბაბილოძე (2), გიორგაძე

უკრაინა: პავლოვი (16 ქულა, 11 მოხსნა), შიბელი (11), მარჩენკო (9), ტკაჩენკო (9), მუსენკო (8), ხოხონიკი (7), ზოტოვი (4), ბერიოზკინი (4), ანტონენკო (4), სკაპინცევი (3), იაგოდინი (1)

www.gbf.ge

0.157241