ფეხბურთი

15:25 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” სერბეთში გაემგზავრა, “პარტიზანი” ბილეთების გაყიდვას იწყებს

გორის “დილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდმა თურქეთში შეკრება დაამთავრა და სერბეთში ჩავიდა. შიდაქართლელები 9 ივლისს ბელგრადში, სასტუმრო Envoy Hotel-ში დაბინავდნენ. უჩა სოსიაშვილმა გუნდი უკვე ავარჯიშა.

ქართველ სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დაპირისპირებისთვის სერბეთში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

შევჩენკო, მუჯრიშვილი, მარიამიძე, კვირკველია, კვახაძე, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ბაგაევი, ნავალოვსკი, ცხოვრებოვი, გვალია, წიქაძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ძარია, კვირკვია, პაპავა, გორელიშვილი, ილურიძე, მოდებაძე, ერისთავი, მარცვალაძე, მაშუკოვი.

9 ივლისს, უჩა სოსიაშვილს სერბი ჟურნალისტები სტუმრობდნენ და ქართველმა სპეციალისტმა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სოსიაშვილის განმარტებით, გუნდი 6 დღით ადრე ბელგრადში ადაპტაციის გამო ჩავიდა.

ამავდროულად, ქართული გუნდის მომავალი მეტოქე “პარტიზანი” “პარტიზან სთედიუმზე” დასასწრები ბილეთების გაყიდვას ორშაბათიდან დაიწყებს. დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე ბელგრადის ნებისმიერ ბილეთების გაყიდვების ჯიხურში, ხოლო სტადიონის სალაროებში 10 საათიდან 18 საათამდე გულშემატკივრებს შეეძლებათ ბილეთების ყიდვა. ვინც ორშაბათს ვერ მოასწრებს შეძენას, იმათთვის დარჩენილი ბილეთები მატჩის დღეს, დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე გაიყიდება.

“პარტიზან სთედიუმზე” ბილეთების ფასი შემდეგნაირად განსხვავდება: სამხრეთ ტრიბუნაზე ბილეთის ფასი 300 დინარი ეღირება (6.20 ლარი), აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნაზე – 600 დინარი (12.40 ლარი), ხოლო ლოჟაში ერთი ადგილის ღირებულება 3 000 დინარითაა (62 ლარი) განსაზღვრული.

“პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის ევროპის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 14 ივლისს ბელგრადში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა კი გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” 21 ივლისს გაიმართება.

0.115305