ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე 20 დღე დარჩა. მზადების ბოლო ეტაპი დაიწყო ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა და დღეს თურქეთში გაემგზავრა.
ნაკრებს სამი საწვრთნელი მატჩი ექნება ქალაქ არდეშენში, რიზეს სიახლოვეს. არდეშენის, ლაზურად კი არტაშენის ქალთა კლუბი თურქეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია, ქართველები კი შეხვდებიან თანატოლ, ჩვიდმეტწლამდელთა გოგონებს. თამაშები გაიმართება 7, 8 და 9 ივლისს, 10 ივლისს საქართველოს გუნდი თბილისში დაბრუნდება, ერთი დღის შემდეგ კი მათ არტაშენელები ჩამოაკითხავენ და კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ეთამაშებიან ახალ სახელბურთო არენაზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე.
მწვრთნელების, გიორგი გვაზავასა და ინა ჭკუასელის განკარგულებაშია 4 კლუბის 15 ხელბურთელი. ამდენივემ უნდა ითამაშოს ახალბაზრდულ ოლიმპიადაზე, თუმცა, საბოლოო შემადგენლობა მხოლოდ 11 ივლისისთვის დადგინდება. ჯერჯერობით, ტრავმების გამო, ნაკრებს აკლია ორი ძირითადი მეკარე, ქრისტინე ჯავახია და თინათინ ყაველაშვილი.
თბილისი 2015-ს სახელბურთო ტურნისი 27 ივლისს დაიწყება ახალ სახელბურთო არენაზე. საქართველოს გოგონათა ნაკრების მეტოქეები ჯგუფში არიან ჩეხეთი, რუსეთი და რუმინეთი.
ხელბურთი. გოგონათა ნაკრები თურქეთში. 6-9 ივლისი.
მეკარეები: მარიამ ჩაჩუა (პეგასი), ანა ვარდიშვილი (მამული)
მოთამაშეები: თათია გადელია (ფოთი), ქეთი კუნელაშვილი, თამთა თეთრაშვილი, მარიამ მიხელიძე, თინა ქიტესაშვილი, სოფო იორდანიშვილი (ყვარელი), ნინო გაბისონია, ქრისტინე ღვალაძე, ანა ყველაშვილი (მამული), თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი, მედეა ჩოხელი, მაია ბერიძე (პეგასი)
მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა, მწვრთნელი ინა ჭკუასელი, ექიმი ლევან ლინნიკი