იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ოფიციალურად ამერიკული "ნიუ-იორკ სიტის" წევრი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
"პირლო "ბიანკონერიში" გატარებული 4 წლის შემდეგ კარიერას "ნიუ-იორკ სიტიში" გააგრძელებს", - წერს "იუვეს" საიტი.
თავის მხრივ "იუვენტუსს" თავად პირლო, თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაემშვიდობა, სადაც მან დაწერა:
"რთულია ჩემი ემოციები გარდავსახო სიტყვებში, რომელიც ყველაზე მეტად ამ 4 საოცარ წელიწადს უკავშირდება. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო. "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას, დაწყებული პრეზიდენტით, იმ ადამიანებსაც არ დავივიწყებ, ვინც უბრალო სამუშაოებს მაინც ასრულებდა, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებთანაც უამრავი თავგადასავალი მაკავშირებს, გულშემატკივრებს, მადლობა თქვენ ყველას! არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის დროა, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება ეს ფერები. მუდამ ფორცა იუვენტუს"!
პირლოსა და "სიტის" პირადი კონტრაქტი ამ დროისთვის არ ხმაურდება. 36 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის თანაგუნდელები ნიუ-იორკში ესპანელი დავიდ ვილა და ინგლისელი ფრენკ ლამპარდი იქნებიან.
პირლო "იუვენტუსს" 2011 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანიდან" შეუერთდა. მას შემდეგ კი იტალიელმა შავ-თეთრი მაისური 164 შეხვედრაში მოირგო და მეტოქეებს 19 გოლი გაუტანა, მათ შორის 15 კი საჯარიმო დარტყმით. პირლომ "იუვესთან" ერთად ოთხჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ იტალიის თასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.