ევროასპარეზი ქართული კლუბების მსგავსად წარმატებით დაიწყო ქართულმა ლეგიონმა. გამონაკლსია უჩა ლობჟანიძის "ომონია," რომელიც ზესტაფონში ბათუმის "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა, მე-13 წუთზე კი გააფრთხილება მიიღო.
ზაურ სვანაძის ევროდებიუტი ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელის რანგში ალბანურ “ლაჩისთან” სტუმრად შედგა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორე ნახევარში კი ნიკა კვეკვესკირმა დებიუტი გოლით აღნიშნა, მან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა (VIDEO). საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ბაქოელთა შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა სრულად ითამაშეს, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურმა “იაგიალონიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა ლიტვის წარმომადგენელი “კრუოხა”. გამარჯვებულთა შორის ნიკა ძალამიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-80 წუთზე კაროლ სვიდერსკიმ შეცვალა. ერთადერთი გოლი სწორედ სვიდერსკიმ გაიტანა დამატებულ მე-3 წუთზე.
“ფლორამ” შინ 1:0 დაამარცხა მაკედონიური “რაბოტნიჩკი”. ესტონელთა სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა მოხვდა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. 53-ე წუთზე თამაშში ზაქარია ბეგლარიშვილი ჩაერთო.
ესტონური “კალევი” შინ სპლიტის “ჰაიდუკს” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა შორის რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა, 47-ე წუთზე კი გააფრთხილეს.
თამაზ პერტიას რიგის “სკონტომ” შინ 2:1 მოუგო “სენტ პატრიკსს”. რიგელებს ტრავმის გამო ლევან მახარაძე ვერ ეხმარება.
ლიტვურმა “ტრაკაიმ” შინ 3:0 დაამარცხა “ტორსჰავნი”. გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო ნიკა აფაქიძე, ბესო ამაშუკელი კი განაცხადში ვერ ვიხილეთ.
საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართება.