თბილისში გასამართი ევროპის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, დღეს ბილეთების გაყიდვაზე ისევ შექმნილი პრობლემების გამო, სფფ უეფასთან მთელი დღის განმავლობაში მართავდა კონსულტაციებს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩამოერთმიათ ბილეთების გაყიდვის უფლება biletebi.ge-სთვის, რომელმაც აღებული პასუხისმგებლობის შესრულება ვერ შეძლო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები სალაროში გაიყიდება. თუ როდის დაიბეჭდება ბილეთები და როდიდან დაიწყება გაყიდვა, სავარაუდოდ ხვალ უეფასთან მორიგი კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება უკვე შეძენილ ბილეთებს, სიჭინავა აცხადებს, რომ ეს ბილეთები არ გაუქმდება. მისივე თქმით, biletebi.ge-ზე მთლიანობაში 2063 ბილეთია გაყიდული.