ფეხბურთი

11:35 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა ბრაზილიის გარეშე დარჩა (+VIDEO)

კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშებას ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გამოეთიშა. დუნგას შეგირდებმა მეოთხედფინალში პარაგვაის ძლევა ვერ მოახერხეს და თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:4 დამარცხდნენ.

ძირითად დროში ანგარიში მე-15 წუთზე რობინიომ გახსნა, ხოლო “ბაზელის” თავდამსხმელმა დერლის გონსალესმა 72-ე წუთზე წონასწორობა თერთმეტმეტრიანის ზუსტი რეალიზებით აღადგინა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში ბრაზილიელთა მხრიდან გოლები ფერნანდინიომ, მირანდამ და კოუტინიომ გაიტანეს, რიბეირომ და კოსტამ კი თავი ვერ გამოიჩინეს.

პარაგვაელთა მხრიდან მარტინესმა, კასერესმა, ბობადილიამ დარტყმები ზუსტად შეასრულეს, როკე სანტა კრუზმა პენალტი გააცუდა, ხოლო მატჩის გმირი გოლის ავტორი გონსალესი გახდა, “ბაზელის” ფეხბურთელის დარტყმულმა პარაგვაის ნახევარფინალის საგზური მოუტანა (VIDEO).

მატჩის შემდეგ “სელესაოს” მწვრთნელმა დაიჩივლა, რომ გუნდის 15 ფეხბურთელს ვირუსი ჰქონდა და ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზიც ეს გახლდათ.

შემდეგ ეტაპზე პარაგვაის უკვე ნაცნობი მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი ეყოლება. ჯგუფურ ეტაპზე რამონ დიასის შეგირდები ხერარდო მარტონოს გუნდს უკვე დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულეს. ბრაზილიის ნაკრებთან დაპირისპირების მსგავსად პარაგვამ “ალბისელესტესთანაც” პირველი ტაიმში აგებდა (0:2), საბოლოოდ კი ქულის აღება შეძლო. არგენტინას და პარაგვაის შორის მატჩი პირველ ივლისს 03:30 საათზე გაიმართება.

0.258902