არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. კოლუმბიასთან “ალბისელესტეს” კოლოსალური უპირატესობის და ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, შეხვედრა საბოლოოდ მაინც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც არგენტინამ გულშემატკივრების გული გაახარა (VIDEO).
პირველი ექვსი პენალტი ხამეს როდრიგესმა, ლიონელ მესიმ, რადამელ ფალკაომ, ეზეკიელ გარაიმ, ხუან კუადრადომ და ევერ ბანეგამ ზუსტად შეასრულეს. ლუის მურიელის არაზუსტი დარტყმის შემდეგ, ეზეკიელ ლავეციმ არგენტინა დააწინაურა, ედვინ კარდონამ კი წონასწორობა აღადგინა.
ლუკას ბილიას შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, ისევე როგორც ხუან სუნიგამ - გათანაბრების. პენალტების შემდგომი წრე მარკო როხომ და კოლუმბიელთა მხრიდან ჯეისონ მურილიომ წარუმატებლად გაიარეს, ბოლოს კი ჯერი კარლოს ტევესზე მიდგა. გამოცდილმა ფეხბურთელმა და ნაკრებში ახლახანს დაბრუნებულმა თავდამსხმელმა არგენტინა ნახევარფინალში გაიყვანა.
ამრიგად, შემდეგ ეტაპზე “ალბისელესტე” ბრაზილიასა და პარაგვაის შორის გამარჯვებულს 30 ივნისს დაუპირისპირდება. “სელესაო” მატჩს 28 ივნისს 01:30 საათზე გამართავს.