კალათბურთი

23:42 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიამ “ბებრები” შეკრიბა
ანტიჩი და მაკკალები 24-კაციან შემადგენლობაში

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე მაკედონიამ წინასწარი 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ყველა გამოცდილი მოთამაშე მოხვდა. სიაში არიან ნბა-ში გამობრძმედილი პერო ანტიჩი და ქართველთათვის ავადსახსენებელი ბო მაკკალები, რომლის მაკედონიელთა რიგებში ასპარეზობაც, თითქოს, დღის წესრიგში აღარ იდგა.

33 წლის ანტიჩს ევრობასკეტ-2015-ის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ახლა, ნაკრებისთვის დახმარების გაწევა განიზრახა. მაკედონიელ მძიმე ფორვარდს ნბა-ში მორიგი სეზონი ჰქონდა და “ატლანტა ჰოუქსის” წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ჯორჯიელებმა რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი (60 მოგება, 22 მარცხი) დააფიქსირეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალსაც უწიეს, სადაც “კლივლენდ კავალიერზთან” დამარცხდნენ, ანტიჩის საშუალო მონაგარი კი 5.7 ქულა და 3.1 მოხსნა იყო.

პერო ერთადერთი ვეტერანი ნამდვილად არაა, რომელიც მაკედონიელთა თავკაცის – ალეკსანდარ ჯიკიჩის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა. ნაკრებში დაბრუნდა 35 წლის მცველი ვლადო ილიევსკიც, რომელსაც 2013 წლის ევროპის პირველობის შემდეგ, საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ ჰქონდა გამოცხადებული. ახალგაზრდებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ასევე 35 წლის მძიმე ფორვარდ გეორგი ჩეკოვსკის და 34 წლის გამთამაშებელ დიმიტარ მირაკოვსკისაც.

ამ ფონზე, მაკედონიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. 19 წლის მცველი ანდრეი მაგდევსკი გასულ საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 3.8 ქულას და 1.2 პასს აგროვებდა, სეზონი კი მან ესპანური მე-2 ლიგის ბინადარ “კლინიკას რინკონში” გაატარა და საშუალოს 4.3 ქულას, 1.7 მოხსნას და 1.3 პასს აგროვებდა.

სიაში არიან 20 წლის ცენტრი ლუბომირ მლადენოვსკი, რომელმაც ეროვნილ ნაკრებში სადებიუტო თამაში შარშან ჩაატარა და 1997 წელს დაბადებული ფორვარდი ანდრეი მასლინკოც. ამ უკანასკნელმა გასულ ზაფხულს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ნენად დიმიტრიევსკია. ბადალონას “ხუვენტუტის” მცველი 17 წლის თებერვალში გახდა, თავი კი 16-წლამდელთა გასულ ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა, როდესაც B დივიზიონში პასებში პირველი (საშუალოდ 9.3) იყო, მექულეებში კი – მე-4 (16.3).

ცხადია, გამორჩეულად უნდა ითქვას 30 წლის ბო მაკკალებზე, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წლის ევრობასკეტზე გაიბრწყინა და სხვებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც გაამწარა, როდესაც ბოლო წამზე გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.

ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მაკედონიელთა მაისურით ბოლოს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ამდენად, გუნდს, ფაქტობრივად, ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ამ სეზონში ბო მიუნხენის “ბაიერნში” ირიცხებოდა, თუმცა, ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, ჩატარებულ მატჩებში კი მისი საშუალო მონაგარი 13.6 ქულა, 5.6 პასი და 2.3 მოხსნა იყო.

სხვა საქმეა, რომ ამჯერად, მაკკალებს მაკედონიის ნაკრებში თამაში გარანტირებული სულაც არ აქვს. ჯიკიჩს არჩევანის გაკეთება მასსა და კიდევ ერთ ამერიკელ რიჩარდ ჰენდრიქსს შორის მოუწევს, რომელმაც შესარჩევ ციკლში გუნდს უდიდესი სარგებელი მოუტანა. ყუბანის “ლოკომოტივის” 29 წლის მძიმე ფორვარდი საშუალოდ 11.2 ქულას და 10.7 მოხსნას აგროვებდა, რაც მაკედონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამდენად, ნაკრების თავკაცს საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობის შერჩევის წინ, კარგად დაფიქრება მოუწევს. მაკკალები და ჰენდრიქსი კარდინალურად განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან და გუნდისთვის დიდი სარგებელის მოტანა ორივეს შეუძლია.

მაკედონიის საკალთბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას 25 ივლიის დედაქალაქ სკოპიეში დაიწყებს და წლის მთავარ ტურნირამდე ოთხ ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ისიც ვთქვათ, მაკედონიის და საქართველოს ნაკრებებს ფინალურ ეტაპზე თამაში ჩ ჯგუფში მოუწევთ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია და ჰოლანდია ეყოლებათ. ქართულ-მაკედონიური დაპირისპირება ზაგრებში 9 სექტემბერს შედგება.

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ვლადო ილიევსკი (“ციბონა”, ხორვატია), ანდრეი მაგდევსკი (“კლინიკას რინკონი”, ესპანეთი), ლესტერ ბო მაკკალები (“ბაიერნი”, გერმანია), ალეკსანდარ კოსტოსკი, დიმიტარ კარაძოვსკი, მარიან იანესკი (ყველა – “კუმანოვო”), დიმიტარ მირაკოვსკი, დარკო სოკოლოვი, ივიცა დიმჩევსკი, გეორგი ჩეკოვსკი (ყველა – “რაბოტნიჩკი”), ვოიდან სტოიანოვსკი (“მორაბანკ ანდორა”, ესპანეთი), დამიან სტოიანოვსკი, მარკო სიმონოვსკი, კირილ ნიკოლოვსკი, პრედრაგ სამარძისკი, ლუბომირ მლადენოვსკი (ყველა – “სკოპიე”), ვლადიმირ ბრცკოვი (“კოზუვი”), ბოიან ტრაიკოვსკი (“პრიშტინა”, კოსოვო), სტოიან გუროვსკი (“ლევსკი”, ბულგარეთი), პერო ანტიჩი (“ატლანტა”, NBA), ბოიან კრსტევსკი (“კავალა”, საბერძნეთი), რიჩარდ ჰენდრიქსი (“ლოკომოტივ ყუბანი”, რუსეთი), ნენად დიმიტრიევსკი (“ხუვენტუტი”, ესპანეთი), ანდრეი მასლინკო (“სტელა აძურა”, იტალია).

0.118014