2015 წლის კოპა ამერიკის ტურნირზე გაირკვა კიდევ სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა. B ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი იასპარეზებენ.
აღნიშნულ ჯგუფში მესამე ტური პარაგვაისა და ურუგვაის დაპირისპირებით დაიწყო და სცენარი წინასწარ გათვლილი გახლდათ. ოსკარ ტაბარესის შეგირდებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთი ბურთით წაგება, ფრე და მოგება ხელს აძლევდათ. 29-ე წუთზე ხოსე ხიმენესმა ურუგვაი დააწინაურა, ხოლო ლუკას ბარიოსმა წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ბარიოსი აღიარეს (VIDEO).
მინიმალური და ამავდროულად მოულოდნელი ანგარიშით დაასრულა შეხვედრა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა. ხერარდო მარტინოს შეგირდებმა გონსალო იგუაინის მე-11 წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს. ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა. საბოლოოდ “ალბისელესტე” ჯგუფში პირველ ადგილზე 7 ქულით გავიდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ანხელ დი მარია დაასახელეს (VIDEO).
ზუსტად 17 წლის წინ, საფრანგეთში გამართული 1998 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, გაბრიელ ბატისტუტას ჰეთთრიკის და არიელ ორტეგას დუბლის წყალობით “ალბისელესტემ” იამაიკა 5:0 გაანადგურა. ამის შემდეგ ამ შეხვედრაზე სიმღერაც კი დაიწერა.
ურუგვაი მესამე ადგილზე ოთხი ქულით გავიდა და მერვდეფინალში განკუთვნილი ორი საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდა. ტაბარესის შეგირდებმა ვენესუელა ჩამოიტოვეს. კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონები კი მეოთხედფინალში მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდებიან, რომელიც 27 ივნისს გაიმართება.
პარაგვაის ეროვნული გუნდის მომდევნო ეტაპზე C ჯგუფის პირველადგილოსან დაუპირისპირდება. ბრაზილიას, პერუს, ვენესუელას და კოლუმბიას 3-3 ქულა გააჩნიათ. ბოლო ტურის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი, როგორც პარაგვაის მეტოქის ვინაობა, ასევე არგენტინისაც. “ალბისელესტე” ან A ან C ჯგუფში საუკეთესო მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. ბოლო ჯგუფის მეორეადგილოსანი კი ბოლივიასთან გაარკვევს ურთიერთობას.
კოლუმბიისა და პერუს დაპირისპირება თბილისის დროით 21 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბრაზილია – ვენესუელის მატჩი 22 ივნისს - 01:30 საათზე.