საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველი თამაშები ორი მედლით გახსნა. დღეს ბაქოს ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილ გუნდს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო, თუმცა უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი შეწვდა.
მიზანთან ყველაზე ახლოს 97 კილოგრამში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე იყო, რომელმაც დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ქართველი მოჭიდავე შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ლიტველ მინდაუგას რუმბუტისთან შეხვედრით და მეტოქეს საქმე მეორე პერიოდის დაწყებიდან 24 წამში მოუმთავრა (8:2 5:1). სლოვაკ იოზეფ ჯალოვიარს საწყის სამწუთეულში 6:2 აჯობა და მცირე შესვენების შემდეგ უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა (6:2 0:0). ნახევარფინალში კი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტთან და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთან, უკრაინელ ვალერი ანდრიიცევთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა. პირველი პერიოდი ანდრიიცევმა ჩვენებურის გაფრთხილების ხარჯზე მოპოვებული ქულებით 2:0 მოიგო. ოდიკაძემ ანგარიში მე-5 წუთის მიწურულს 2-ქულიანი ილეთით გაათანაბრა და მაღალქულიანი შეფასების ხარჯზე ფრით დაწინაურდა, მაგრამ მსაჯმა უმალ გააფრთხილა და უკრაინელი ერთი ქულით ისევ წინ გაიყვანა. თითქოს ამ გადაწყვეტილებით ფინალის საგზურის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ ელიზბარ ოდიკაძემ ბოლო ძალით შეუტია და შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე მოწინააღმდეგე ჩოქბჯენში გადაიყვანა – 4:3.
ფინალში საქართველოს ნაკრების წევრს ანდრიიცევზე კიდევ უფრო უხვტიტულა მეტოქესთან – აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერ ხეთაგ გაზიუმოვთან მოუხდა დაპირისპირება. ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა მორიგი ტიტული მეორე პერიოდში შესრულებული 2-ქულიანი ილეთის წყალობით მოიპოვა – 1:0 2:1 გაზიუმოვის სასარგებლოდ.
ოდიკაძის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპულ თამაშებზე მეორე მედალი აღმოჩნდა. მედლების ანგარიში კი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილმა გახსნა, ბრინჯაოთი.
ძირითად ბადეში გამოსვლა ყველაშვილმა მეთექვსმეტედფინალით დაიწყო, სადაც უკრაინის ნაკრების წევრ რუსტამ დუდაევს სუფთად მოუგო. გერმანელ გეორგ ჰარტსაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გასცდა (3:2 4:0). პირველი მძიმე ბრძოლა კი მეოთხედფინალში გადახდა, პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან. ამ შეხვედრის საწყისი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ მეტოქის გაფრთხილებით მიღებული ერთადერთი ქულის წყალობით, მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე სამწუთეულში კი ორივე მოჭიდავემ 2-2 ქულა აიღო.
ერთი გამარჯვებაც და ყველაშვილს მედალი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ნაკრების წევრ ანიუარ გედუევთან ვერაფერს გახდა. მე-2 წუთის მიწურულს, მაშინ როდესაც გედუევი 8-ქულიანი უპირატესობით (8:0) იგებდა, ჩვენებურმა უხერხულად დავარდნის გამო ბრძოლა ვადაზე ადრე შეწყვიტა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. იქ კი მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორს, ბელარუსის ნაკრების წევრ ალი შაბანაუს თანაბარ ბრძოლაში აჯობა (6:3 0:2) და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
დღის მთავარი იმედგაცრუება კი საქართველოს ნაკრების ლიდერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ) უმედლოდ დარჩენა იყო. მინდორაშვილის გუნდის უმსუბუქესმა წევრმა, რომელიც აზერბაიჯანში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ნახევარფინალამდე ლამის უნაკლოდ იჭიდავა. შეჯიბრება რუმინელი ანდრეი დუდკოვის (1:0 2:0) ძლევით გახსნა. ალბანელ ისლამ ისლამაჟის წუთსა და 40 წამში აუგროვა 10 ქულა (10:0).
ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში კი მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც ხინჩეგაშვილიც და მისი მეტოქე – ბელარუსი ულადისლაუ ანდრეიუც მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მეორე პერიოდის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ბელარუსი 2:1 იგებდა, ჭიდაობა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ორივე ნახევარფინალისტი მოხსნეს. ნახევარფინალში კი ხინჩეგაშვილისა და ანდრეიუსგან წინა ეტაპზე ძლეული მოჭიდავეები გაუშვეს. საბოლოოდ, ფინალში გავიდა გერმანელი მარსელ ევალდი, რომელსაც მეოთხედფინალში 0:12 ჰქონდა წაგებული.
საქართველოს ნაკრების სახელით ევროპულ თამაშებში ნაკრების დებიუტანტი ავთანდილ კენჭაძეც (65 კგ) ჩაერთო, მაგრამ წარუმატებლად. პირველსავე წრეში დასანანი მარცხი იწვნია იტალიის ნაკრების წევრ ფრანკ ჩამიზო მარკესისგან (1:0 3:4). მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდა, კენჭაძეს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა თურქ მუსტაფა კაიასთან (6:4 7:10) და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
ხვალ ევროთამაშების ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავლენ.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის თამაშები
ბაქო
17 ივნისი
57 კგ
1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)
2 მარსელ ევალდი (გერმანია)
3 ალექსანდრუ ჩირტოაკა (მოლდოვა)
3 სეზარ აკგული (თურქეთი)
65 კგ
1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)
3 მუსტაფა კაია (თურქეთი)
3 ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)
74 კგ
1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)
2 სონერ დემიტრაში (თურქეთი)
3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)
97 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
3 აბდუსალიმ გადისოვი (რუსეთი)