ფეხბურთი

20:48 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას”, “სევილიას” და უეფას წარმომადგენლებმა ვიზიტი შეაჯამეს
“ბარსელონა” და “სევილია” თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვლენ

უეფას ევროპის სუპერთასის ჩატარების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თბილისში მაღალი რანგის სტუმრების რიცხვი იმატებს.

ამჯერად, საქართველოს დედაქალაქს “ბარსელონას” ინსტიტუციონალური განვითარების და პროტოკოლის დირექტორი რამონ პუიოლი, “სევილიას” აღმასრულებელი დირექტორი ხოსე კრუსი და უეფას საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი მაიკლ ჰესელშვერტი ეწვივნენ.

11 აგვისტოს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სუპერთასს ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” შეეცილებიან.

ჩამოთვლილ სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უმასპინძლეს.

ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.

რეზო არველაძე: “სუპერთასის მატჩისკენ ჩვენი გრაფიკით მივდივართ. მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან კლუბების წარმომადგენლები და უეფას დელეგაცია გვეწვია”.

დომენტი სიჭინავა: “ძალიან მიხარია, რომ ორივე გუნდის წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათთან ერთად რაც აინტერესებდათ ყველა საკითხი გავიარეთ. მადლობა უეფას, რომ ორი გრანდის ნახვის საშუალება მოგვცა. ასევე, მადლობა ჩვენს მთავრობას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ქვეყანა სუპერთასის მატჩს შესაფერისად შეხვდეს”.

დავით ნარმანია: “მივესალმები უეფასა და ძვირფასი გუნდების წარმომადგენლებს. როგორც ქალაქის მერისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის სუპერთასის მატჩი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბევრი ქალაქის მერი ინატრებდა ასეთი ღონისძიების მასპინძლობას. ბედნიერი ვარ, რომ სუპერთასი ჩემი მმართველობის პერიოდში ტარდება.

სახელმწიფო კომისიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სერიოზულად ვემზადებით. ჩვენზე მეტად ჩვენი მოქალაქეები ემზადებიან, რომლებიც ბილეთების ყიდვას ელიან და უკვე წარმოდგენილი აქვთ სტაიონის ის ადგილები, სადაც დასხდებიან. დახვედრა ჩვენზეა და საუკეთესო თამაში რომ იქნება ეჭვი არ მეპარება. ქალაქი სუპერთასის მასპინძლობისთვის მზადაა”.

რამონ პუიოლმა შესავალი სიტყვა ქართულად თქვა: “საღამო მშვიდობის, ბოდიში ქართული არ ვიცი”.

შემდეგ ინგლისურად გააგრძელა: “ძალიან მიხარია, რომ “ბარსელონა” თბილისში სათამაშოდ ჩამოვა. სტადიონზე ვიყავი და აღფრთოვანებული დავრჩი. ეს თქვენი ქვეყნისთვის დიდი ღონისძიება იქნება”. პუიოლმა ქართულად დაასრულა: “მადლობა”.

ხოსე კრუსი: “თბილისში მომხდარი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოვთქვამ და ყველა დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ. იმედია, ქალაქი ჩვეულ რიტმში მალე დაბრუნდება და სუპერთასსაც ღირსეულად დახვდება.

1975 წელს “სევილია” თბილისის “დინამოს” შეხვდა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრებების მატჩს ვესწრებოდი. საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში ვიტალი დარასელია თამაშობდა, რომელიც “სევილიას” ფეხბურთელ ანტონიო პუერტას მსგავსად ნაადრევად დაიღუპა”.

მაიკლ ჰესელშვერტი: “ბოდიშით, რომ ქართულში ისეთი მომზადებული არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” ბოლო 10 წელიწადში ევროპის საუკეთესო გუნდია, “სევილიამ” ბოლო 10 წელიწადში ევროპის ლიგა 4-ჯერ მოიგო. ამჟამად, ჯერ სტადიონი მზად არაა, მაგრამ იმედია, სუპერთასის მატჩისთვის ყველაფერი მოესწრება”.

-სტადიონის რეკონსტრუქცია რამდენი დაჯდება?

ნარმანია: “14 მილიონი ლარი თბილისის მერიამ გამოჰყო, ხოლო 6 მილიონი ლარი ცენტრალურმა ბიუჯეტმა დაგვიმატა. საერთო ჯამში, 20 მილიონი ლარი ჩაიდო. სამუშაოები ბოლო სტადიაზეა. ამჟამად, სკამების მონტაჟი მიმდინარეობს”.

-სტადიონზე უსაფრთხოება რამდენად დაცული იქნება, იგივე რომ არ განმეორდეს რაც გერმანიასთან მატჩის დროს?

სიჭინავა: “უეფადან ჩამოვიდნენ პირები, ვინც უსაფრთხოების საკითხებს კურირებს. არამგონია მსგავსი პრეცენდეტი განმეორდეს. პოლიციასთან ერთად უსაფრთხოებას 400 სტიუარდი დაიცავს. სხვა ქვეყნებიდანაც გამოცდილი სტიუარდები გვეყოლება”.

-მომავალ მატჩს “ბარსელონას” და “სევილიას” რამდენი გულშემატკივარი დაესწრება?

პუიოლი: “მე არ ვიცი”.

კრუსი: “ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. შარშან სუპერთასის მატჩს “სევილიას” 2000 გულშემატკივარი დაესწრო. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისსა და სევილიას შორის მანძილი 6000 კილომეტრია, გულშემატკივრების ჩამოსვლა ცოტა პრობლემატური იქნება. თუმცა, ჩვენ სარეკლამო კომპანიას გავწევთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქომაგი ჩამოვიდეს”.

-ის ბილეთები, რომლებსაც გუნდების გულშემატკივრები ვერ აითვისებენ, როგორ განაწილდება?

-ორივე კლუბისთვის 2700-2700 ბილეთია გამოყოფილია. მათი წარმომადგენლები მაქსიმუმ 10 ივლისამდე იტყვიან რამდენ ბილეთს აითვისებენ. თუ ბილეთები დარჩება, ისინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუბრუნდება. მხოლოდ ფედერაციას აქვს ბილეთების კორპორატიულად გაყიდვის უფლება. თუმცა, მხოლოდ 29 ივლისის შემდეგ. 29 ივლისამდე ბილეთები biletebi.ge-ზე გაიყიდება.

არველაძის ინფორმაციით, ივნისის ბოლოდან საქართველოში “ტროფი ტური” მოეწყობა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასები, ასევე, სუპერთასი ფოთიდან დაწყებული საქართველოს 13 რეგიონს შემოივლის და თბილისში ჩამოვა. სიჭინავას თქმით, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის თასები უეფამ უკვე გამოაგზავნა და ისინი გზაშია.

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათიდან ვებგვერდ biletebi.ge-ზე დაიწყება. ქართველი გულშემატკივრებისთვის 31000 ბილეთია გამოყოფილი. ერთ ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენის უფლება აქვს.

ბილეთები 7, 14 და 30 ევრო ეღირება შესაბამისი ექვივალენტით ლარებში. სიჭინავას თქმით, უეფა biletebi.ge-ს 45000 ევროს უხდის, რომ ამ საიტმა ბილეთებზე ფასი თავად არ წაამატოს. ვინაიდან ბილეთები პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გაიყიდება, biletebi.ge ვალდებულია 76000 ასეთი საბუთის მონაცემები წარმოადგინოს. სფფ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სუპერთასის მომგები გუნდი 4000000 ევროს მიიღებს, ხოლო დამარცხებული – 3000000-ს.

“ბარსელონა” და “სევილია” თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვლენ. “ბარსელონა” სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაბინავდება, ხოლო “სევილია” – “ჰოლიდეი ინში”.

9 აგვისტოს “ბარსა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, ხოლო “სევილია “ – თბილისის “დინამოს” ბაზაზე.

10 აგვისტოს ორივე გუნდი წვრთნას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს.

0.20101