ბაქოში მიმდინარე ევროპის პირველ თამაშებზე მორიგი საშეჯიბრო დღე მიილია, ქართული დელეგაცია კი ჯერაც პირველი მედლის მოლოდინშია.
დღეს, ქალთა შორის კაიაკებით შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა ვლადა კოსიცკამ. 200-მეტრიანი დისტანციის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა გოგონამ თავის ჯგუფში მე-7 შედეგი (45.324) აჩვენა და ნახევარფინალში გააღწია. სამწუხაროდ, ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა. ნახევარფინალში კოსიცკამ უარესი მაჩვენებელი (45.810) დააფიქსირა და ფინალს მიღმა დარჩა.
ვაჟებში ასევე 200-მეტრიან დისტანციაზე შესარჩევი ეტაპი ვერ დასძლია ბადრი ყაველაშვილმა. მისი შედეგი 37.284 წამი იყო, რაც მე-3 პულში ბოლო მე-9 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
200-მეტრიან დისტანციაზევე, ოღონდ კანოეთი შეჯიბრში უკეთ გამოვიდა ზაზა ნადირაძე. მან საკვალიფიკაციო შეჯიბრში ჯგუფში მე-4 პოზიცია (39.935) დაიკავა და ნახევარფინალშიც მე-4 (39.111) იყო. შედეგად, ქართველ სპორტსმენს A ფინალამდე ერთადერთი ადგილი დააკლდა და ხვალ მონაწილეობას B ფინალში მიიღებს ანუ მედლებისთვის ვეღარ იბრძოლებს.
ვერაფრით გაგვახარა სპორტული ტანვარჯიშის შეჯიბრმაც. ნატო ძიძიგურმა სხვადასხვა დისციპლინებში ჯამური შედეგებით (47.032) 76 მონაწილეს შორის 51-ე ადგილი დაიკავა. მოწინავეებს საგრძნობლად ჩამორჩა პაატა ნოზაძეც.
როგორც აღვნიშნეთ, 16 ივნისს საქმეში ისევ ვიხილავთ ზაზა ნადირაძეს. სხვა დისციპლინებში იასპარეზებენ ბადრი ყაველაშვილი და ვლადა კოსიცკაც.
ხვალვე რინგზე გავლენ მოკრივეები სევერიან ჭილაძე (52), გიორგი გოგატიშვილი (56), ოთარ ერანოსიანი (60), ირაკლი მელიქიშვილი (64), ბადრი ხარძიანი (75), ლევან გულედანი (91), მიხეილ ბახტაძე (+91).
ევროპულ თამაშებში ჩაებმებიან მშვილდოსნები ლაშა ფხაკაძე, ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძეც.