თბილისის “დინამოს” ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში თამაშმა საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნა.
“უკვე რამდენიმე დღეა შეკრებაზე ვართ. პირობები ზუსტად ისეთია, როგორიც საუკეთესოდ მომზადებას სჭირდება. უმეტესად ბურთთან ერთად ვვარჯიშობთ და ვფიქრობ, გუნდის შესათამაშებლად ეს მნიშვნელოვანია. ევროსეზონის დაწყებამდე უახლოესი მატჩი 15 ივნისს “შკენდიასთან” გვაქვს და იქ პირველი ტაქტიკური მონახაზებიც გამოჩნდება.
ჩემს თამაშს რაც შეეხება, თასის ფინალის შემდეგ, თვითრწმენა დამიბრუნდა. ასეთ ნდობას როდესაც ვგრძნობ, მეც ორმაგად ვინდომებ და ვიხარჯები. “დინამოს” დღევანდელი შემადგენლობა საკმაოდ ძლიერად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ მალე შევთამაშდებით და კარგ გუნდად ჩამოვყალიბდებით.
ვფიქრობ, შეთამაშება და ურთიერთგაგება მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამჟამად, გუნდში ისეთი კონტიგენტია, რომ მცველების ჩათვლით ყველას შეუძლია შემტევი და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება” – იუწყება ფეხბურთელის სიტყვებს “დინამოს” ვებგვერდი.