სამხრეთ ამერიკა ახალგაზრდა ტალანტების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა. გამონაკლისი რაღა თქმა უნდა, არც ამჟამინდელი ვითარებაა. დღეს წარმოგიდგენთ 10 ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელს, რომელზეც ევროპული გუნდები უკვე აქტიურად ნადირობენ.
ჯონათან კალერი ("ბოკა ხუნიორსი", არგენტინა, 1993 წელს დაბადებული, თავდამსხმელი)
ჯონათან კალერის არგენტინაში გონსალო იგუაინთან აიგივებენ. 1.75 სმ-ის სიმაღლის მქონე ფეხბურთელი უფრო მეტად საჯარიმოს ფორვარდად მიიჩნევა. კალერის მიმართ ინტერესს ევროპაში ინგლისური "სტოკ სიტი", ესპანურები "ვილიარეალი", "სევილია" და იტალიური "პალერმო" იჩენს. ამ უკანასკნელს კალერი "იუვენტუსში" გასხვისებული პაულო დიბალას შემცვლელად ჰყავს შეგულებული. ფეხბურთელს "ბოკა" 10 მილიონ ევროდ აფასებს.
მატიას კრანევიტერი ("რივერ პლეიტი", არგენტინა, 1993, ნახევარმცველი)
მატიას კრანევიტერი "რივერ პლეიტის" სკოლის აღზრდილია. ნიჭიერ საყრდენს სამშობლოში ხავიერ მასკერანოს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კრანევიტერი კლასიკური 5 ნომრის პოზიციაზე ირჯება. აღსანიშნავია, რომ მას თავის პროფესიონალურ კარიერაში 70-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია. "რივერის" ნახევარმცველს არც ევროპული გუნდების შემოთავაზებები აკლია. "ფიორენტინა", "ინტერი", "ატლეტიკო", "სევილია" და "ვალენსია" იმ გუნდთა ჩამონათვალია, რომლებიც ფეხბურთელს აკვირდებიან. მისი სატრანსფერო ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ემანუელ მამანა ("რივერ პლეიტი", არგენტინა, 1996, მცველი)
"რივერის" წევრია კიდევ ერთი ნიჭიერი მოთამაშე ემანუელ მამანა. 19 წლის მცველი სამშობლოში თავის პოზიციაზე ყველაზე იმედისმომცემად მიიჩნევა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მამანამ 18 წლის ასაკში უკვე მოასწრო. "ალბისელესტეს" 17 და 20-წლამდე გუნდებში კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონტი მოიგო. "რივერის" უკანახაზელს აქტიურად კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო", ლონდონის "არსენალი" და მილანის "ინტერი" აკვირდებიან.
გვიდო კარილო ("ესტუდიანტესი", არგენტინა, 1991, თავდამსხმელი)
არგენტინული "ესტუდიანტესის" ფორვარდი ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე 1.91 სმ-ია. 2013 წელს შესაძლო იყო იგი "ნაპოლიში" აღმოჩენილიყო, მაგრამ მაშინ იტალიურმა გუნდმა არჩევანი კოლუმბიელ დუვან ძაპატაზე შეაჩერა. "ესტუდიანტესმა" ბერძნული "ოლიმპიაკოსის" შეთავაზება ფეხბურთელის დათმობის თაობაზე უკვე უგულებელყო. პირეოსული გუნდი ფორვარდში 7 მილიონ ევროს იხდიდა. კარილოს ამჯერად ბრიუსელის "ანდერლეხტს", ლისაბონის "ბენფიკასა" და ფრანგულ "მონაკოს" უკავშირებენ.
ჯოვანი სიმეონე ("რივერ პლეიტი", არგენტინა, 1995, თავდამსხმელი)
დიეგო სიმეონეს შვილს, ჯოვანის 20 წელი ჯერაც არ შესრულებია. მიმდინარე წელს სიმეონემ არგენტინის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად სამხრეთამერიკის ჩემპიონატი მოიგო. აღნიშნულ ტურნირზე იგი 9 მატჩში გატანილი 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პატარა სიმეონეს მიმართ ინტერესს ლოგიკურია, რომ "ატლეტიკო" იჩენს. მის გარდა ფეხბურთელს თავისთან ეპატიჟებიან იტალიური "მილანი" და "რომა". ჯოვანი სიმეონე 15 მილიონ ევროდ ფასობს.
გაბრიელ ბოსკილია ("სან პაულუ", ბრაზილია, 1996, ნახევარმცველი)
"სან პაულუს" აღზრდილი გაბრიელ ბოსკალია სესკ ფაბრეგასის შემდგომ პირველი ნახევარმცველი გახდა, ვინაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 1.73 სმ სიმაღლის მქონე ფეხბურთელი ძირითადად თავდამსხმელების უკან ირჯება. მას თავის მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ისე კი, 10 მილიონ ევროდ ფასობს.
მათეუს დორია ("სან პაულუ", ბრაზილია, 1994, მცველი)
მათეუს დორია ერთი წლის წინ ფრანგულმა "მარსელმა" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბოტაფოგოდან" შეიძინა, თუმცა მას მარსელო ბიელსა არ ენდო და მალევე სამშობლოში დააბრუნა. ამჯერად ფეხბურთელმა "სან პაულუს" მაისური მოირგო. დორიას მთავარ პლიუსად მეორე სართულზე თამაში მიიჩნევა. მისით დაინტერესებას "მილანი" იჩენს, მანამდე კი მეორე იტალიური გრანდი - "იუვენტუსი" აქტიურობდა.
ჟერსონი ("ფლუმინენსე", ბრაზილია, 1997, ნახევარმცველი)
ჟერსონს ბრაზილიაში ახალ დიდის უწოდებენ. იგი 18 წლის ცოტა ხნის შესრულდა. ჟერსონი "ფლუმინენსეს" სკოლის აღზრდილია და შესაბამისად ამ გუნდში ასპარეზობს. 18 წლის ვუნდერკინდით ლამის ნახევარი ევროპა ინტერესდება. მათ შორის, "მანჩესტერ სიტი" და ტურინის "იუვენტუსი". აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის 11 მილიონიან შეთავაზებაზე "ფლუმინენსემ" უარი უკვე განაცხადა.
ჯორჯიან დე არასკაეტა ("კრუზეირო", ურუგვაი, 1994, ნახევარმცველი)
ბრაზილიური "კრუზეიროს" ახალწვეული ურუგვაის ნაკრებში კოპა ამერიკაზე ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელი კლასიკური 10 ნომრის პოზიციის მოთამაშეა. თავისი პირველი კლუბის "დეფენსორ სპორტინგის" რიგებში მან 19 გოლი გაიტანა და 18-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. გამოსარჩევია, რომ იგი ორივე ფეხს თანაბრად წარმატებით იყენებს. მისი აგენტი კი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დანიელ ფონსეკაა.
გაბრიელ ბარბოსა ("სანტოსი", ბრაზილია, 1996, თავდამსხმელი)
გაბრიელ ბარბოსას სამშობლოში "გაბიგოლის" სახელით მოიხსენიებენ. "სანტოსის" აკადემიის აღზრდილმა ახალგაზრდულ ასაკობრივ მატჩებში 600-მდე გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი ფიზიკურად ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 18 წლისაა. ევროპული გრანდების ინტერესის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის - "ჩელსი", "არსენალი", "მილანი" და "ბარსელონა" მისით დაინტერესებული გუნდების ჩამონათვალია.