ფეხბურთი

11:30 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა მასპინძელმა გამარჯვებით გახსნა (+VIDEO)

კოპა ამერიკა 2015 თბილისის დროით შუაღამისას საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიის შემდეგ, მაყურებლებმა “ესტადიო ნასიონალზე” ტურნირის მასპინძლის ჩილეს ეროვნული ნაკრების და ეკვადორის დაპირისპირება იხილეს. ჩილელთა გასახარად მათმა გუნდმა პირველივე შეხვედრა 2:0 მოიგო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 67-ე წუთზე ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა. ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მისი გაჩერება წესების დარღვევით მოხდა, თერთმეტმეტრიანის რეალიზება კი თავად ვიდალმა მოახერხა.

მეორე გოლი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელმა ედუარდო ვარგასმა ალექსის სანჩესის გადაცემის შედეგად გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი არტურო ვიდალი დაასახელეს.

A ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკასა და ბოლოვიას შორის 13 ივნისს თბილისის დროით ღამის 03:30 საათზე დაიწყება.

ხორხე სამპაოლის გუნდმა ამ გამარჯვებით გულშემატკივრების გული გაახარა. ჩილელი ქომაგები “ლა როხასაგან” ამ ტურნირზე ბევრს ელიან. მიზეზი მარტივია. კოპა ამერიკის ტურნირის 99-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩილელებს ესოდენ პრესტიჟული ჩემპიონატი არ მოუგიათ.

ჩილე ტურნირს მეშვიდედ მასპინძლობს. “ესტადიო ნასიონალზე” გამართულ ბოლო ოთხ ფინალში არგენტინამ იმარჯვა, ხოლო ორჯერ “ალბისელესტე” ურუგვაისთან დამარცხდა. კოპა ამერიკის გამარჯვებულთა სიაში კი ბოლივია და პერუც იმყოფებიან.

საკუთარი გუნდისგან გამარჯვებას არგენტინელებიც ელიან. მათმა გუნდმა კოპა ამერიკის თასი ბოლოს 1993 წელს მოიპოვა. არგენტინელები ჩილეში გამართულ ტურნირზე ფინალში გადიან ხოლმე, მათ ქომაგებს კი ეს ფაქტი იმედის საბაბს აძლევს.

0.263685