ფეხბურთი

14:27 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის არჩევანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე თვის წინ თემურ ქეცბაია კახა ცხადაძემ შეცვალა. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის პირველმა გუნდმა სამი მატჩი გამართა - მალტასთან (2:0) და უკრაინასთან (1:2) ამხანაგური, ხოლო გერმანიასთან (0:2) ოფიციალური.

ცხადაძემ ამ ხნის განმავლობაში ეროვნულ გუნდში ისეთ მოთამაშეებსაც უხმო, რომელთაც მისი წინამორბედი ნაკლებად ან საერთოდ არ სწყალობდა.

საინტერესო იქნება მიმოვიხილოთ ის კონტინგენტი, რომელიც დღეს ცხადაძის განკარგულებაშია და განვიხილოთ სხვადასხვა პოზიციებზე ნაკრების შესაძლო წევრები.

მეკარეები

გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძე - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც დღეს “ჯვაროსანთა” წამყვან კარის დარაჯებად მოიაზრებიან. ცხადაძე აქამდე გამართულ მატჩებში ლორიას ენდობოდა. გიორგის საკუთარი მაღალი კლასი აქამდე არაერთხელ დაუდასტურებია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინასთან ერთი გაშვებული გოლი გარკვეულწილად მის სინდისზე იყო, თუმცა ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მეკარე ამჟამად სათამაშო დროსაა მოკლებული, რაც ვფიქორბ, მის თამაშს დაღს ასვამს. ლორიას საიმედო შემცვლელად რევიშვილი შეგვიძლია მოვისაზროთ. ქეცბაიას მოღვაწეობის მეორე პერიოდში “ტოსნოს” კიპერი ეროვნულ გუნდს მიღმა რჩებოდა, მაგრამ ცხადაძის დაბრუნებულ ფეხბურთელებში იგი ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება კვასხვაძეს - “ზესტაფონის” ყოფილი კიპერი დღეისათვის მხოლოდ ლორიასა და რევიშვილის შემცვლელად თუ მოიაზრება. მარტის სანაკრებო შეკრების დროს ჩვენს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე მიხეილ ალავიძეც მოხვდა. სხვა მხრივ, ამ პოზიციაზე ცხადაძეს ალბათ, ყველაზე დიდი არჩევანი აქვს.

მცველები

ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ახალი ტაქტიკა მოიტანა. განვლილ მატჩებში იგი ძირითადად 3-5-2, გნებავთ 5-3-2 ტაქტიკურ სქემას ეყრდნობოდა. ცენტრალურ მცველებში გურამ კაშიას, საბა კვირკველიას, ალექსანდრე ამისულაშვილის დარად ახალგაზრდა ლაშა დვალს, რომელიც გერმანიასთან თამაშში ჩინებულად ჩაერთო და გამოცდილ ლაშა სალუქვაძეს ვხედავთ, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ცხადაძის პირველ სანაკრებო სიაში “სამტრედიას” უკანახაზელი ლევან კაკუბავაც იმყოფებოდა, თუმცა მას თამაშის საშუალება მაშინ არ მისცემია. ისიც დასამატებელია, რომ ამ პოზიციაზე ახლო მომავალში თბილისის “დინამოს” კაპიტნის, ამჟამად ტრავმირებული ნიკა ჭანტურიას გამოცდაც შეიძლება.

მარჯვენა მცველის პოზიცია უკვე წლებია საქართველოს ნაკრებში აქილევსის ქუსლად იქცა. ცხადაძისეულ გუნდში კი ამ პოზიციის ფეხბურთელს ორმაგი დავალების შესრულება უწევს - დაცვის დროს უკანა ხაზის გამაგრება, შეტევის დროს კი აქტიურად შეტევაში თამაში - მარტივად რომ ვთქვათ, მთელი ფლანგის კონტროლი. უჩა ლობჟანიძე ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებს. ცხადაძე არჩევანში იმდენად შეზღუდულია, რომ მან ნაკრებში ვეტერან კახა ალადაშვილსაც უხმო. სამომავლოდ დინამოელი ოთარ კაკაბიძის მოსინჯვაც არ უნდა ჩანდეს უტოპიად.

სახარბიელო მდგომარეობა არც საპირისპირო ფლანგზეა. ნაკრების თავკაცმა ქეცბაიასგან მივიწყებული გიორგი ნავალოვსკი იხმო და ფეხბურთელიც გაცემულ ავანსს მეტ-ნაკლებად ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, ნავალოვსკი ჩატარებულ სამივე მატჩში აქტიური იყო, რაც სამომავლო იმედს ტოვებს. მისი რეალური შემცვლელი კი ჯერჯერობით არ ჩანს. ცხადაძე ქეცბაიას ფორმაციის უცვლელ წევრ გია გრიგალავს არ სწყალობს, რაც გარკვეულწილად ფებხურთელის უკლუბობითაც უნდა იყოს გამოწვეული. ამ პოზიციაზე 19-წლამდელთა ნაკრების წევრის, გიორგი თევზაძის მოსინჯვა ალბათ, შესაძლებელია. “სამტრედიას” მოთამაშე თავის ასაკში უდავოდ გამორჩეულია.

საყრდენი ნახევარმცველები

ამ პოზიციაზე ცხადაძეს საფიქრალი ბევრი აქვს. ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გარდა მაღალი დონის საყრდენის მოძიება ერთობ ჭირს. მასთან ერთად ნაკრებში უცვლელად ხვდება მურთაზ დაუშვილი. ცხადაძემ ვაკუუმის შევსება უზბეკურ “ფახთაქორში” მოთამაშე კახა მახარეძეთი სცადა და მალტასთან და გერმანიასთან სასტარტო შემადგენლობაშიც დააყენა. ამჟამინდელ შეკრებაზე კი “დინამოს” წევრი მათე ცინცაძეც თავისთან იხმო. ცხადაძემ “ჯვაროსანთა” შემადგენლობაში გოგიტა გოგუაც დააბრუნა, რომელიც ნაკრებს უკრაინელებთან ტრავმის გამო დააკლდა.

შემტევი ნახევარმცველები

აქ კი არჩევანი ყველაზე დიდია - ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ვაკო ყაზაიშვილი. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზია შესაძლოა, ყველა მათგანს გააჩნდეს. ყაზაიშვილს ჰოლანდიურ “ვიტესში” ერთობ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა. ისიც სათქმელია, რომ ცხადაძის ნაკრებში მოსვლის შემდგომ ნაკრებმა 3 გოლი გაიტანა, ერთ-ერთი კი ვაკოს აქტივშია. ნელ-ნელა ფორმაში შესვლას ცდილობს ლევან ყენიაც. პრაღის “სლავიას” ფეხბურთელს მონდომებას ვერ დავუწუნებთ. უკრაინასთან მეორე ტაიმში თამაში აშკარად გამოაცოცხლა. იგივეს თქმა, რუმინული “კლუჟის” წევრ გიორგი ჭანტურიაზეც შეიძლება. შედარებით მოუკლო თორნიკე ოქრიაშვილმა, რაც შესაძლოა, ტრავმით იყოს გამოწვეული, რომელიც “გენკის” შემტევმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა. ჯანო ანანიძეს და სანდრო კობახიძეს გარდა შემტევი ფუნქციების შესრულებისა, ნაკრების მესაჭე დაცვითი როლის შესრულებასაც ავალებს. განსაკუთრებით ეს კობახიძეზე ითქმის, რომელმაც მალტასთან მარჯვენა ფლანგზე მცველ-ნახევარმცველის ფუნქცია შეითავსა. ეროვნულ გუნდში “დინამოს” ახალგაზრდა ლიდერი გიორგი პაპუნაშვილიც მოხვდა, რომელსაც თბილისური გუნდის რიგებში წარმატებული სეზონი ჰქონდა.

თავდამსხმელები

დღევანდელი მდგომარეობით ნაკრების მთავარ ფორვარდად ლევან მჭედლიძე მოიაზრება. იტალიის “ემპოლის” ფეხბურთელს პოტენციალი რომ აქვს, სერია A-ს ბოლო ტურმაც ნათლად დაადასტურა. მჭედლიძეს გამოცდილი გერმანელი ფორვარდების წინააღმდგე ბრძოლა ლამის მთელი თამაში მარტოს უწევდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ბრძოლაში იგი დაიჩაგრა. უკრაინასთან კი თავი მშვენიერი გოლით მათე ვაწაძემ გამოიჩინა. დანიაში მოასპარეზე ფორვარდს ნაკრებში ცხადაძემ შანსი მისცა, რომელსაც ექსდინამოელი აშკარად იმსახურებდა. ამ ხნის განმავლობაში ცხადაძე ნაკრებში თავის ვაჟ, ბაჩანასაც აძლევს შანსს, რომელიც აზერბაიჯანში ასპარეზობს. უკრაინასთან შეხვედრა კი სასტარტო შემადგენლობაშიც დაიწყო. სხვა მხრივ ამ პოზიციაზე “ცხინვალის” წევრ ნიკა კაჭარავას გამოჩენაც რეალურია. ამ ფეხბურთელმა საქართველოს ჩემპიონატში თავი კარგად წარმოაჩინა, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში სან მარინოს 2 გოლი გაუტანა, მათ შორის ერთ-ერთი ქუსლით... ცხადაძის პირველ სანაკრებო სიაში, რომელიც გაფართოებული იყო, გიორგი მერებაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად ბერძნული ოფი-ს ყოფილი შემტევი სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდის - უკლუბობის გამო.

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯამში მეოთხე, ხოლო ისე კი მეორე ოფიციალურ მატჩს 13 ივნისს გამართავს. “ჯვაროსნების” მომდევნო მეტოქე პოლონეთი იქნება, რომელიც ჩვენს გუნდს ვარშავაში დაუხვდება.

მიმდინარე შესარჩევი ციკლი არსებითად საქართველოს ნაკრებისთვის დასრულებულია და დარჩენილ მატჩებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მწვრთნელი მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის კარგად მოსამზადებლადღა თუ გამოიყენებს...

0.117336