იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ჰელას ვერონამ" მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მანდორლინის შემდომ ხელშეკრულება გუნდის საუკეთესო ბომბარდირ ლუკა ტონისაც გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ვერონული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ტონი "ჰელასის" რიგებში 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება.
38 წლის თავდამსხმელს გუნდთან ძველი კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მას შემდგომ რაც მანდორლინი კლუბში დარჩა, გადაწყვიტა, რომ თვითონაც იგივე გაეკეთებინა და შემოთავაზებას დათანხმდა.
ლუკა ტონი "ვერონას" ღირსებას 2013 წლიდან მოყოლებული იცავს და ამ გუნდის მაისურით ჯამში სერია A-ში 70 თამაშში 42 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი 22 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.