საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს რიგებში ვთბ-ლიგის ჩემპიონი გახდა. ტურნირის ფინალში “არმიელებმა” “ხიმკის” გასვლითი მატჩიც იოლად (99:69) მოუგეს და ფინალურ სერიაში 3:0 იმარჯვეს.
მარკოიშვილმა მოედანზე 10:12 წუთი გაატარა და 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცსკა-ს მხრიდან ყველაზე მეტი – 14 ქულა საშა კაუნმა ჩააგდო, რომელმაც თამაშის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. კაუნი მხოლოდ 30 წლისაა და საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა, აშშ-ში ოჯახთან დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღო.
ჩვენ კი ისევ მარკოიშვილს დავუბრუნდეთ, რომელმაც საქართველოს ნაკრების წევრთაგან სეზონი ბოლომ და გამარჯვებით დაასრულა და მცირე დასვენების შემდეგ, ივლისში, სანაკრებო ბატალიებზე გადაერთვება.