მადრიდის "რეალის" მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, რომელმაც გასული სეზონი "სამეფო კლუბში" იჯარის წესით გაატარა, ისე კი ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა, ესპანურ გამოცემა "მარკას" ესაუბრა. ჩიჩარიტოს თქმით, მას თამაში სურს და მხოლოდ ისეთ გუნდში გადაბარგდება, სადაც ამის გარანტიას მისცემენ.
"ჯერ კიდევ არ ვიცი სად ვითამაშებ მომავალ სეზონში. მე და ჩემი აგენტი "რეალს" მალევე უნდა დაველაპარაკოთ. მინდა, რომ მოედანზე რეგულარულად ვიყო, ჩემი მიზანი თამაშია. თუ ლუის ვან გაალი ჩემს უკან დაბრუნებას მოინდომებს, მე ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა ერნანდესმა.
27 წლის მექსიკელ ფორვარდს "რეალში" იჯარა 30 ივნისს ეწურება. მან გასულ სეზონში ლა ლიგაში 23 ჩატარებულ მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. ბოლო დროს მის სახელს იტალიური მედია აქტიურად რომის "ლაციოს" უკავშირებს.