რაგბი

11:44 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი: “სტად ფრანსე” VS “კლერმონი”

საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის, 13 ივნისს, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს” შეერკინება.

პარიზელებმა, რომლებიც სეზონის დასკვნით ნაწილს კარგ ფორმაში ხვდებიან, ნახევარფინალში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” 33:16 დაამარცხეს. ტულონელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ ლაპორტმა ტრადიციას არ უღალატა და მნიშვნელოვან მატჩში განაცხადში არცერთი ქართველი არ შეიყვანა, რასაც, შესაძლოა, ახლა ნანობს კიდეც. “სტად ფრანსეს” განაცხადში იყო ქუბრიაშვილი, რომელმაც შეცვლაზე დასკვნითი 9 წუთი ითამაშა.

მატჩის დებიუტში უპირატესობა ტულონელთა მხარეს იყო, რომლებიც ადრეული ლელოთი წინ გავიდნენ, მაგრამ 20 მერე საპასუხო ლელო პარიზელებმაც გაიტანეს და ერთით მეტი ჯარიმით 13:10 დაწინაურდნენ. “ტულონმა” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, შესვენებამდე 3 წუთით ადრე კი, ლელო-გარდასახვა გაუშვა - 13:20. მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, ტულონელების ჯარიმას პარიზელებმა ჯარიმითვე 57-ე წუთზე უპასუხეს, ხოლო 70-ეზე კიდევ ერთი 3 ქულა აიღეს და 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. “სტად ფრანსემ” ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო დიდი გახადა - 33:16.

“კლერმონმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზი” დაძაბულ ბრძოლაში 18:14 დაამარცხა. ქართველთაგან მოედანზე გავიდა მხოლოდ ზირაქაშვილი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ჩვეულ სტილში იბრძოლა. პირველ ტაიმში მორაგან პარამ სამი ცდიდან სამი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ლუკ მაკალისტერმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. დაიწყო მეორე ტაიმი და “ტულუზი” ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ მაკალისტერს დარტყმები არ მისდიოდა - 9:11. ამის შემდეგ გუნდებმა მორიგებით ჯარიმები გაცვალეს, 70-ე წუთზე კი, ბროკ ჯეიმსმა ჯარიმითვე “კლერმონს” საბოლოოდ დაუბრუნა ლიდერობა (15:14). ანგარიში სახიფათო იყო და 74-ე წუთზე ჯეიმსმა “კლერმონის” უპირატესობა არეკნით 4-ქულიანი გახადა, რის შემდეგაც გუნდმა კარგად დაიცვა თავი და 18:14 მოგებით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.118742