როდესაც ხოსეპ გვარდიოლა “ბარსელონადან” წავიდა, ვერც აწ გარდაცვლილმა ტიტო ვილიანოვამ და ვერც არგენტინელმა ტატა მარტინომ 2008-2011 წლების დიდების დაბრუნება ვერ შესძლეს. ბევრმა იფიქრა, რომ “ბარსას” მზე ჩაესვენა და სეზონის წინ სკეპტიკურად უყურებდნენ ლუის ენრიკეს მწვრთნელად მოყვანას, თუმცა ფაქტი ერთია – კატალონიელებმა დიდებული სეზონი ჩაატარეს და რაც მოსაგები იყო, ყველაფერი მოიგეს: ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, მერე ესპანეთის თასი და აი, ახლა მწვერვალიც, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია.
“ბარსა” პირველი ევროპული კლუბია, რომელსაც ორჯერ აქვს შესრულებული “ტრიპლეტი” (ქვეყნის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა).
“ბარსელონამ” ისტორიაში მეხუთედ მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტიტული და ისე მოხდა, რომ ბოლო სამ ფინალში ჰანდიკაპით იმარჯვა. ლეო მესი და კომპანია 11 აგვისტოს თბილისში ითამაშებს ევროპის სუპერთასზე, სადაც მეტოქედ “სევილია” ეყოლება. ასე რომ, ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, დიდი გუნდის თამაშით დატკბეს...
არ დაგვეზარება “იუვენტუსის” ქებაც. სეზონის წინ ცოტანი თუ ელოდნენ “ბებერი ქალბატონის” ფინალში გასვლას და აი, ფინალიც რომ ღირსეულად ჩაატარეს, კიდევ უფრო დიდი პატივისცემა ეკუთვნის ამ კლუბს. უბრალოდ, ეს ის მომენტი იყო, როცა თავს ზემოთ ძალა არაა.
რად ღირდა ანდრეა პირლოს ცრემლები. მას “მილანში” ორჯერ მოუგია ეს ტიტული და როგორ სურდა, ასაკში მყოფს კიდევ ერთხელ, სხვა კლუბის მაისურით მოეგო. თუმცა ყველაზე გულდაწყვეტილი, ალბათ, ჯანლუიჯი ბუფონი იქნება – ბრწყინვალე კარიერაში სწორედ ჩემპიონთა ლიგის თასის ჩახუტება აკლია.
ჩავი, მესი, ანდრეს ინიესტა – ამ გენიოსებმა მეოთხედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ინიესტა დასახელდა. უნიკალური ფეხბურთელია: ისტორიაში ერთადერთი, რომელსაც ლიგის სამ ფინალში გაუკეთებია საგოლე პასი.
“ბარსა” უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდა, როცა ნეიმარმა დაფარული პასით მოძებნა ინიესტა, მან კი გვერდზე ივან რაკიტიჩს დაუგორა და ხორვატმაც ახლოდან აუღელვებლად გაიტანა – 1:0. კატალონიელებს პირველ ტაიმში საკმაო უპირატესობა ჰქონდათ და ბუფონსაც საქმე არ ელეოდა, ერთ მომენტში კი დანი ალვეშს მკვდარი ბურთი აუღო. ჩანდა ის, რომ “ბარსა” უფრო ლაღად თამაშობდა, ხოლო ალეგრის გუნდი ვერაფერს რომ ვერ უპირისპირებდა, ზოგჯერ უხეშობაზე გადადიოდა. საწყის ნახევარ საათში “ბებერი ქალბატონის’ ფეხბურთელები 13-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრია.
მესი – როგორც კი ბურთს მიიღებდა, სამი ფეხბურთელი მასთან ჩნდებოდა, მაგრამ სადამდე გაიჭრები? ამ დროს სხვები რჩებიან თავისუფლად. წელში გაწყდნენ პოგბა, მარკიზიო, ვიდალი და პირლო, განსაკუთრებით კი პოგბა: ფრანგი ნახევარმცველი ფიგაროსავით ყველგან იყო, არანორმალური მოცულობის სამუშაო შეასრულა.
მეორე ტაიმიც “ბარსას” შეტევებით დაიწყო და 2:0-ს ცოტა დააკლდა, სამაგიეროდ კი 1:1 გახდა. მარკიზიომ ორიგინალურად, ქუსლით გააყოლა ბურთი ლიხშტაინერს, რომელმაც ტევესი მოძებნა, არგენტინელის დარტყმას ტერ შტეგენის კარგი რეაქცია კი მოჰყვა, მაგრამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და იქვე მყოფმა ალვარო მორატამ გაათანაბრა. მორატა – ახალგაზრდა ფორვარდი, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი განსაკუთრებული იყო, სწორედ მისი გოლების წყალობით გამოთიშეს ტურინელებმა მადრიდის “რეალი”.
“იუვე” გატანილმა გოლმა გაათამამა, “ბარსელონა” კი ცოტა ხანს შოკში იყო. ჩანს, ამხელა უპირატესობის ფონზე, ლუის ენრიკეს გუნდი გოლის გაშვებას არ ელოდა. იმ 13 წუთში, როცა 1:1 იყო, იტალიელები უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ ვფიქრობთ, ზედმეტად გათამამდნენ, როცა ნახევარდაცვა მოაშიშვლეს. კონტრშეტევა, მესიმ ჩაიქროლა, ბარძალის გასცდა, დაარტყა, ბუფონს ხელიდან გაუვარდა ბურთი და ურუგვაელმა ლუის სუარესმა დაამატა – 2:1.
ვითომ წელში გამტეხი გოლი? არა. “იუვე” არ გაჩერდა, უფრო წინ წაიწივნენ პირლო და მარკიზიო, ლიხშტაინერი და ევრაც ხშირად ერთვებოდნენ შეტევებში. მალევე, “ბარსამ” მესამე გაიტანა, კერძოდ, ნეიმარმა თავით დაარტყა და მეხუთე მსაჯის ქმედითი ნაბიჯი ძლივს არ ვიხილეთ? დაინახა, რომ ბრაზილიელს ხელზეც მოხვდა ბურთი.
დარჩენილ დროში ერთი რაც ჩანდა, “იუვე” კბილებით იბრძოდა, ორ-სამჯერ სახიფათო შეტევაც გამოუვიდა (მაგალითად, პოგბას ოდნავ არაზუსტი თავური), თუმცა კატალონიელები უფრო დამაჯერებლები იყვნენ. ბოლოს ნეიმარმა დაასრულა: კონტრშეტევისას მინდორზე იმწუთას შესულ პედროს გადააწოდა ბურთი, შემდეგ პედრომ ისევ ნეიმარს დაუბრუნა და ბრაზილიელმაც ცაციით შორეულ კუთხეში გაუტანა ბუფონს – 3:1 და თასი “ბარსელონამ” ჩაიხუტა. ნეიმარი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალშიც, ხუთივე მატჩში გაუტანია გოლი.
ამ დროს მინდორზე უკვე იყო ჩავი: თითქოს სიმბოლურად გამოვიდა, რომ კაპიტანი ინიესტა კაპიტანმა შეცვალა. ჩავიმ ბოლო მატჩი ჩაატარა “ბარსელონაში” და ცრემლებსაც ვერ იკავებდა.
მთლიანობაში, ძალიან მაგარი ფინალი გამოვიდა და მადლობა ორივე გუნდს.
6 ივნისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”
ჩემპიონთა ლიგის ფინალი
“იუვენტუსი” (იტალია) – “ბარსელონა” (ესპანეთი) 1:3 (0:1)
იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა (კომანი 89), პირლო, პოგბა, მარკიზიო, ვიდალი (პერეირა 79), ტევესი, მორატა (ლორენტე 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
ბარსელონა: ტერ-შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიო 90+1), ინიესტა (ჩავი 77), მესი, ნეიმარი, სუარესი (პედრო 90+6)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 მორატა (55), 1:2 სუარესი (68), 1:3 ნეიმარი (90+7)
გაფრთხილება: ვიდალი (11), პოგბა (41), სუარესი (70)
მსაჯი: ჯუნეიტ ჩაკირი (თურქეთი)
ბურთის ფლობა: 39-61, დარტყმა: 14 (6) – 18 (8), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-5, ჯარიმა: 24-12