ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მაღალი რანგი თუ ეტაპი არ არსებობს. ეს, ის მწვერვალია, რომელზე ასვლაც ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის საპატიოა, საამაყოა, პრესტიჟულია, ფასეულია. ეს, ის ტურნირია, რომლის მოგებაც მიჯრით ორჯერ დაარსებიდან აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ვერავინ შეძლო.
დღეს ბერლინი ორად იქნება გაყოფილი, ოღონდ, გერმანიის მთავარ ქალაქში თვითონ გერმანელები გაყოფილთა შორის არ იქნებიან – ერთ მხარეს ჩრდილოეთ იტალიელები იდგებიან, მეორე მხარეს კი ამაყი ესპანელები. დღეს საღამოს ბერლინის ულამაზეს ნაგებობა “ოლიმპშტადიონზე” ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” იმისთვის დაეჭიდებიან, რომ მინიმუმ ერთი წლით ევროპას ზემოდან გადმოხედონ, თუმცა ეს არ იქნება ალმაცერად დამცქერი ხედვა ქვემოთ მდგომთა მიმართ.
გასაკვირი არაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 12-წლიანი პაუზის შემდგომ გასული “იუვე” თამაშამდე მავანთა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ხედვით ფავორიტად არ მიიჩნევა. აგერ, თვით “ბებერი ქალბატონის” კაპიტანმა, მრავლის მომსწრებმა და მნახველმა ჯიჯი ბუფონმაც აღიარა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შანსი ოდენ 30-35%-ს თუ უტოლდება. საერთოდ, ბუფონი არასდროს გამოირჩეოდა ბაქიაობით და საკმაოდ თავდაჭერილი პიროვნებაა, მაგრამ, ალბათ, ამ შემთხვევაში მისი სიტყვები, მის თავმდაბლურ ხასიათზე მეტად რეალობის აღმწერია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბუფონს დღევანდელი თამაშის დამხვდურ “ოლიმპშტადიონთან” არნახულად კარგი მოგონება აკავშირებს და არამხოლოდ მას, მთლიანად იტალიური ფეხბურთის გურმანთ – 2006 წლის 9 ივლისს, ზუსტად “ოლიმპშტადიონზე” გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ზემოდან ოთხი წლით გადმოხედა. იმ “სკუადრა აძურას” ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კი დღეს საკუთარ გუნდს წარუძღვება. გარდა ამისა, “იუვენტუსს” ორი ფეხბურთელი ჰყავს, თანაც ორივე ანდრეა, რომლებიც ბერლინს ბუფონის დარად უბრუნდებიან – პირლო და ბარძალი. ჯიჯის მსგავსად მწავნე მინდორზე გულშემატკივარი მათაც იხილავს.
ისიცაა, რომ დიადი ისტორიის მქონე “ზებრებს” ევროპულ მწვერვალზე ასვლა ერთობ მოუგვიანდათ და ალბათ, ბევრისთვის მათი ფინალში გასვლა სასიამოვნო მოვლენაცაა.
ცალკე სათქმელია ის, რომ აქამდე, ასეთ გადამწყვეტ მატჩში ორი საფეხბურთო მატიანე, როგორებიც “ბარსა” და “იუვეა” არ შეხვედრილან, რაც ფინალს კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს.
“ოლიმპშტადიონზე” დღეს სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენაც მოხდება – გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, “ბარსელონას” ლეგენდა ჩავი ერნანდესს “ბლაუგრანას” მაისურით თავისი ფინალი აქვს... დიახ, 17-წლიანი ისტორიის ფინიში სწორედ ბერლინში, სწორედ დღეს, სწორედ ლიგის სეზონის ფინიშზე – ჩავი ლურჯ-წითელ მაისურს ბოლოჯერ მოირგებს და კარს გაიხურავს. ბუნებრივია, რომ ესპანელი წაგებით წასვლას არ აპირებს...
ჩავის დარად გაოფიციალურებული ინფორმაცია არაა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ კატალონიელთა შუახაზელის მსგავსად, "იუვენტუსის" ჯილა ანდრეა პირლოსთვისაც ევროპულ ასპარეზზე ბოლო აკორდი დღეს გამოდგეს – ანდრეას მომავალს უკვე კარგა ხანია ბერლინის თამაშის შემდეგ ძველ კონტინენტს მიღმა აკავშირებენ. მოკლედ, დღევანდელ მატჩს ფინალის გარდა, კიდევ ბევრი საინტრესო დეტალი ამძაფრებს, უფრო მეტად ფინალს ხდის, უფრო მეტად მომხიბვლელად და მიმზიდველად აქცევს.
გასახსენებელად ისიც ღირს, რომ კატალონურმა გრანდმა ბოლოს იტალიურ გუნდთან ასეთი რანგის მატჩში 21 წლის წინ ფავორიტის სტატუსით ითამაშა და მოედანი შერცხვენილმა დატოვა. მაშინ იოჰან კრუიფის გუნდს “ოლიმპიურ სტაიდონზე”, ოღონდ არა ბერლინის, არამედ ათენის, “მილანმა” აჯობა (4:0). თავის მხრივ, იგივე ანგარიშით სანაკრებო დონეზე იტალიელებმა ესპანელებთან სამი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში წააგეს. იქაც მოვლენების ეპიცენტრში “ოლიმპიური სტადიონი” იყო, ამჯერად კიევის. იმ მატჩში მოედანზე მრავლად იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ერთმანეთთან შეჭიდება დღესაც მოუწევთ – ერთ მხარეს ჩავი, ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი, ხორდი ალბა იდგებიან, მეორე მხარეს – ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო. ჯორჯო კიელინიც ამ სიაში იქნებოდა, რომ არა მისი უიღბლობა და ზედ ფინალის წინ ნატკენი ფეხი, რის გამოც დღევანდელ მატჩს დააკლდება.
არც ის ივარგებს თუ მასიმილიანო ალეგრის ფაქტორს გამოვტოვებთ. “ბიანკონერის” დღევანდელ მესაჭეს “ბარსასთან”, “მილანის” თავკაცობისას ახლო წარსულში წაუგია და ლომბარდიელების ჯავრის ნთხევას მათი მოძულე მეტოქის დახმარებით შეეცდება.
თუმცა, სულ რომ არაფერი იყოს, ჩემპიონთა ლიგის მთავარი მატჩი სეზონის მთავარ მატჩობასაც ნიშნავს, თანაც “ბარსელონა”, “ბარსელონაა”, “იუვენტუსი” კი “იუვენტუსი” – ორივე ერთად საფეხბურთო ნიშაზე გაცილებით მეტი და შესაბამისად, შეუძლებელია ამ შეხვედრამ გულშემატკივარი გულგრილი დატოვოს. ვგულისხმობ საფეხბურთო კუთხით, წმინდა სათამაშო ასპექტით, თორემ დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთ-ერთს, რომ გულის ძაფი ჩუნეთ ჩაქირის საფინალო სასტვენის შემდეგ ჩაუწყდება ეს ისედაც ნათელია...
დღეს 2015 წლის მთავარი მატჩია, დღეს 2015 წლის ფეხბურთის მბრძანებელი გამოვლინდება, რომელიც მომდევნო 365 დღე სხვებს ზემოდან გადმოხედავს. ეს, ან “იუვენტუსი” იქნება, ან “ბარსელონა” – ევროპა ხვალიდან ან შავ-თეთრ ფერებში შეიმოსება, ანაც ლურჯ-წითელში...