კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი იქაა, სადაც უნდოდა ყოფნა, ანუ ფინალში.
“გუნდი იქაა, სადაც ვისურვებდი ორი ტურნირის მოგების შემდეგ და ისტორიის შექმნის შანსი გვაქვს. ფინალი შემდეგნაირად მესახება, ჩვენ შევძლებთ ბურთი დიდხანს ვაკონტროლოთ, “იუვენტუსის” ნახევარზე ვიყოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ადვილი არ იქნება. მოწინააღმდეგეც ბურთს კარგად ფლობს და განსაკუთრებით საკუთარ ნახევარზე კარგად თამაშობს. ჩემმა გუნდმა კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი, ვიდრე იტალიურმა გრანდმა.
ინიესტა კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ნახევარდაცვის კარგ თამაშს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. გვინდა ყველა პოზიციაზე ვდომინირებდეთ და “იუვენტუსს” გასაქანი არ მივცეთ. ჩვენ უნიკალური თაობა გვყავს. მსოფლიო ორი გუნდის შესრულებით დიდებულ დაპირისპირებას ელის. გულშემატკივრები ამაღელვებელ მატჩს ელიან და ტიტულის მოგებას ვიმედოვნებ.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
აღნიშნული გუნდები ევროთასებზე 6-ჯერ შეხვდნენ. “ბარსელონამ” და “იუვენტუსმა” 2-2 მატჩი მოიგეს, ხოლო 2 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. აღნიშნულ გუნდებს შანსი აქვთ მიმდინარე სეზონში ტიტულების მოგებით ჰეთთრიკი შეასრულონ. ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.