ფეხბურთი

18:02 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "ფინალს "იუვე" მოიგებს"

მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში ჩემპიონთა ლიგის ფინალია მოქცეული. კატალონიის "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" თამაშამდე ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმაც გაუზიარა.

"მილანის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ფინალს "ბებერი ქალბატონი" მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მოიგებს. ამის შესახებ ჰოლანდიელმა გამოცემა "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა.

"იუვენტუსმა" ნახევარფინალში "რეალი" დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ფავორიტებთან თამაში შეუძლია. მათ თასის აწევა სურთ.

ახალს არაფერს ვიტყვი: ლიონელ მესი რაღა თქმა უნდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ისევე, როგორც "ბარსელონა", რომელიც 10 წელია უკვე ერთ დონეზე იმყოფება. "იუვეს" მცველთაგან მესისთან თამაში ყველაზე მეტად პატრის ევრას მოუწევს და მას ყურადღებით ყოფნა 90 წუთის განმავლობაში მართებს. თუმცა მესის შეჩერებაც შესაძლებელია, რადგან შეუძლებელი არაფერია.

ჩემი პროგნოზი? - ჩემი აზრით, მატჩი დამატებითი დროის ჩათვლით 2:2 დასრულდება, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "იუვენტუსი" გაიმარჯვებს. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ნახევრად იტალიელი ვარ", - განაცხადა "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა.

თავის დროზე ვან ბასტენს ჩემპიონთა თასი "მილანის" შემადგენლობაში ორჯერ მოუგია.

"იუვენტუსი" - "ბარსელონას" ფინალური მატჩი 6 ივნისს გაიმართება.

0.129565