საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს პორტუგალიელი ვილოსიპედისტი ჟორჟე კრისტოვაო ესტუმრა. 53 წლის კრისტოვაო 6 990 კილომეტრიან ტურს ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებს უძღვნის.
ის ლისაბონიდან გამოვიდა და აზერბაიჯანის დედაქალაქისკენ გზად ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტებს ეწვია. სტუმარს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა უმასპინძლა.
ჟორჟე კრისტოვაომ მასპინძლებს „ბაქო 2015"-ის დროშასთან ერთად პორტუგალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ კონსტანტინოსა და პირველი ევროპული თამაშების მთავარი ორგანიზატორის საიმონ კლეგის წერილები გადასცა.
თავის მხრივ, ელგუჯა ბერიშვილმა სტუმარს ცნობილი ქართველი ველოსიპედისტის, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნისა და 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, ომარ ფხაკაძის 70 წლისთავისადმი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომები უსახსოვრა.
www.geonoc.org.ge