საფრანგეთის ღია პირველობის მერვედფინალში ამერიკელი ჯეკ სოკის დამარცხების შემდეგ რაფა ნადალმა “როლან გაროსის” კორტებზე 70-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მალიორკელს ბადალი არ ჰყავს. მეოთხედფინალში რაფა რეიტინგსიის სერბ ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.
“ჯოკოვიჩთან ურთულესი დაპირისპირება მელის. სადღეისოდ ნოვაკი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა. იგი ბრწყინვალე ფორმაშია და პრაქტიკულად არავისთან მარცხდება. მე მასთან საბრძოლველად მზად ვარ, თუ წავაგე, ხელს ჩამოვართმევ, მოგებას მივულოცავ და სამომავლო წარმატებებისთვის ვიზრუნებ”, - აცხადებს რაფა მეტად საინტერესო და პრინციპული მეოთხედფინალის წინ.
ამასობაში, თუკი ნადალი მეოთხედფინალში წააგებს, ხოლო ცონგა ფინალამდე გააღწევს, რაფა კლასიფიკაციაში 11-ე პოზიციამდე დაიხევს. ბულონის ტყის კორტებზე წლევანდელი ტრიუმფის შემთვევაში კი მალიორკელი რეიტინგში მეექვსე, მეშვიდე ან მერვე ადგილზე დამკვიდრდება.
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფა ნადალის სამეოთხედფინალე დაპირისპირება 3 ივნისს ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.