თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია 1:2 დათმო. ბასკური კლუბის მეტოქე “უნიკახა” იყო, გადამწყვეტი მატჩი კი სწორედ მალაგაში შედგა და მასპინძლებმა 89:77 იმარჯვეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 19:09 წუთში კი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შენგელიას მონაგარი 13 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.
თოკომ 7-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
“ლაბორალ კუჩას” მხრიდან ამერიკელი მაიკ ჯეიმსი (16 ქულა) და ფრანგი კიმ ტილი (15 ქულა, 6 მოხსნა) გამოირჩნენ, “მალაგას” კი გრეინჯერმა (19), ტულსონმა (12) და ვასკესმა (14 ქულა, 11 მოხსნა) ულიდერეს. ქართული პასპორტის მქონე უილ ტომასმა მალაგელებს 28:24 წუთში 7 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
ამგვარად, შენგელიამ სეზონი მარცხით კი დაასრულა, თუმცა, კარგ ფორმაში იმყოფება და ტრავმები არ აწუხებს, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველივე შეკრებაზე სრულ მზადყოფნაში იქნება.