სეზონი დუბლით დაასრულა ლევან მჭედლიძემ. ბოლო ტურში “ემპოლი” სტუმრად “ინტერთან” დამარცხდა (4:3), ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ კი ლევანმა 59-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა ჰანდანოვიჩის კარში. პირველი გოლისას ლევანმა თავით გაიტანა, მეორე გოლისას კი ცაციათი ძლიერად დაარტყა და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში შეაგდო (VIDEO). მჭედლიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. იტალიის სერია ა-ს 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 42 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა.
ძნელი გასახსენებელია ამ დონის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის მიერ შესრულებული დუბლი. მჭედლიძის წარმატებული თამაში მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
პოლონეთის ექსტრაკლასის 35-ე ტურში “იაგიელონიამ” შინ 3:2 დაამარცხა “გურნიკი.” მასპინძელთა გამარჯვების მომტანი გოლისას საგოლე პასი ნიკა ძალამიძემ შეასრულა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა, გიორგი ფოფხაძე კი სათადარიგო იყო. პოლონეთის ექსტრაკლასის საუკეთესო რვა გუნდს შორის “იაგიელონია” 35 ქულით მე-3 ადგილზეა.
ნორვეგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში “სტაბეკმა” სტუმრად 1:0 დაამარცხა “სარპსბორგი.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელმაც 68-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, 90-ე წუთზე კი შეცვალეს. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 23 ქულით მე-2 ადგილზეა.
დანიის სუპერლიგის 32-ე ტურში “ოდენსე” სტუმრად “ჰობროს” დაუზავდა (2:2). “ოდენსეს” განაცხადში ლადო დვალიშვილი კვლავ ვერ ვიხილეთ. 12 გუნდიან სუპერლიგაში “ოდენსე” 40 ქულით მე-8 ადგილზეა.
უნგრეთის რანგით პირველი ლიგის 2014-15 წლების გათამაშება დასრულდა. ბოლო ტურში “დებრეცენმა” შინ 5:0 დაამარცხა “დიორი,” რომლის განაცხადში გიორგი ქვილითაია ვერ ვიხილეთ. 16 გუნდიან ჩემპიონატში “დიორმა” 38 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.
ლიტვის ა ლიგის მე-15 ტურში “ტრაკაიმ” შინ 5:0 დაამარცხა “გრანიტასი.” გამარჯვებულთა შორის ნიკა აფაქიძემ სრულად ითამაშა, ბესო ამაშუკელი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. ლიტვის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ტრაკაი” 37 ქულით მეორე ადგილზეა.
“სუდუვამ” შინ 6:0 დაამარცხა “შიაულიაი,” რომლის განაცხადში თამაზ ჩარგეიშვილი არ იმყოფებოდა. “შიაულიაი” 7 ქულით ბოლო ადგილზეა.