ბლოგი

11:31 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შევულოცოთ ფიფას

ქვაბი უნდა იყოს სპილენძის, რადგან მხოლოდ სპილენძი გაუძლებს იმას, რის მოხარშვასაც ამ ქვაბში ვაპირებთ. პირველ რიგში ავიღოთ სამხრეთკორეული დედალი დრაკონის ქერცლი და სევასტოპოლური თეთრი მელიის კუდის ნახარშში ჩავამატოთ “დნიპროს” აცრემელებული” ქომაგების ცრემლები, სევილიური ხარის სისხლი, ყატარული ფორთოხლის ქერქი, შემოვდგათ რუსულ გაზზე და ვურიოთ ფრანგული მუხის ხის კოვზით. თან მალიმალ ვახსენოთ სიტყვები ჯადო-ესე: ალაჰანდე ბლატერ, ჰანაჰადე ქრთამი, არცხონება კოლოსკოვ, სულის ტკივილი აველანჟ! როდესაც კერძი წამოდუღდება, ჩავუმატოთ მგლის ქონი, მარადონას 2 ფოტოსურათი 3X4-ზე, ვან ბასკენის კოჭი და სასაჩუქრო შეფუთვაში საფეხბურთო კლუბ “ლინფილდის” მაისური. ბოლოს ყაზახურ მარილთან ერთად მოვაყაროთ ბრაზილიური პლაჟის ქვიშა და გადმოვდგათ რუსული გაზიდან.

ამის შემდეგ, ინთება ჩირაღდნები, ეძახიან მთავარ შამანს, რომელიც ქვაბში ხელუკუღმა ყრის პიემონტური ნივრის გალებს და ზეპ ბლატერის ჯერ არდაწერილ წიგნს: ”მართალი კაცის ფიქრები, დარდები, ნაკვესები და გამონათქვამები” და ამის შემდეგ იწყება მთავარი შელოცვა. შელოცვის დროს რიტუალის ყველა მონაწილეს აცვია 2002 წლის კორეა-იაპონიის მსოფლიოს ჩემპიონატის ლოგოტიპებიანი მაისურები და მარცხენა ხელში უჭირავთ ტოფიკ ბახრამოვის ავტოგრაფით დამშვენებული შანდლები და იწყება...

აბიჰანდე ბაბიჰანდე, ურაკუდა, შამანე! აბიხანდე ბაბიხანდე, გუგუშარა ბაშარა! გამო კორუფციის სენო ფიფადან! გამო შავო ძალნო ფიფადან! აბიჰარდე ბაბიჰარდე! ბლატერის სულიდან გამო, მსოფლიოს ჩემპიონატებიდან გამო, ფეხბურთიდან გამო! ყოველნო სულნო, კეთილნო, განაძევეთ ბოროტი ნიონიდან, განაძევეთ ბოროტი ლოზანადან, განაძევეთ ბოროტი მოსკოვიდან და დოჰადან! არრა გვინდა მუნდიალი რუსთა მიწაზე, არცა მცხუნვარე მზესა არაბეთისასა. აბიჰანდე ბაბაჰანდე! არრა გვინდა!

ძალნო ციურნო, იხსენით სულები ქომაგთა მათთა. ქომაგნი ესენი - ბეჩავნი, ტანჯულნი, მოტყუებულნი, კორუფციისგან შეჭმულნი, სულში ჩაფურთხებულნი, რუსულ რუბლებზე გაყიდულნი, გადაგდებულნი, გატანილ გოლებარჩათვლილნი, მოსყიდულ მატჩებიანნი, საჩივარარშესმენილნი, მარადონადიკვალიფიცირებულნი, ზიდანგაძევებულნი, მუნდიალზე ყიფიანარწაყვანილნი, შიმშილში მიტოვებული გარინჩას მგლოვიარენი და სხვანი და სხვანი აღვსილნი ტანჯვითა დიდითა. განწმინდე ბოროტისგან, რამეთუ ბოროტი მძლავრობს მათზე.

ხოლო ბოროტნო ძალნო, შავის ძალითა წაიყვანე ესე ყოველნი, ვინცა ხელის ფათურ ჰქნა ფეხბურთსა შინა და გული ჩვენნი აღავსო კაეშნითა დიდითა. ბნელო ძალნო, მოგვაშორე თქვენი კორუმპირებულნი, ყველაფრის მკადრებელნი, “ზენიტის” გამაჩემპიონებელნი, რუსეთსა და ყატარში ჩემპიონატის ჩამტარებელნი, ფეხბურთში უსამართლობის მნერგავნი, უტვინონი, ზნესაზიზღარნი, ავყიანი, შვეიცარულ ფრანკებზე დახარბებულნი! აბაჰანდე ბაბაჰანდე! ბაჰაჰა, ხარახურა!

შელოცვის დასრულების შემდეგ, მთავარი შამანი ხელში იჭერს სახრეს და კახურ დიალექტზე ხმამაღლა აგინებს ფიფას კორუმპირებულ მოხელეებს, სხვებიც მას აჰყვებიან. როგორც ამბობენ, განსაკუთრებით ქიზიყური სიტყვა_თქმანი ყოფილა ზედგამოჭრილი ამ დროს. შემდეგ ყველანი იხდიან 2002 წლის მუნდიალის ლოგოტიპებიან მაისურებს და შედეგებში დარწმუნებულნი იშლებიან. აბაჰანდე ბაბაჰანდე! აბა რა!

თეგებიფიფა
0.114873