ფეხბურთი

1:34 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მგლებმა" გერმანიის თასი მოინადირეს

"ვოლფსბურგი" არსებობის განმავლობაში პირველად გახდა გერმანიის თასის მფლობელი. "მგლებმა" 2009 წელს ბუნდესლიგა მოიგეს, როცა მწვრთნელად ფელიქს მაგათი ჰყავდათ, ხოლო შეტევაში გრაფიტე და ჯეკო. აი, ამჯერად კი მეორე სერიოზული ტიტული...

"დორტმუნდი" მაინც გასული იყო ევროპის ლიგაზე (მეშვიდე პოზიცია), მაგრამ რა თქმა უნდა, თასის ნახევარფინალში "ბაიერნის" ძლევის შემდეგ, "ვოლფსბურგთან" მოგების გარდა არაფერზე ფიქრობდა. როგორ სურდა იურგენ კლოპს, რომ ტიტულით წასულიყო რურის კლუბიდან, თუმცა არ გამოუვიდა.

არადა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" პირველი გოლი დორტმუნდელებმა მიითვალეს: კაგავამ ჩააწოდა და გაბონელმა ობამეიანგმა ფეხით ერთი შეხებით კარში გადაგზავნა - 1:0. მალევე, "დორტმუნდი" მეკარე ლანგერაკმა იხსნა, როცა ივან პერიშიჩს აუღო.

მე-20 წუთზე კი, ალბათ, საკვანძო მომენტი ვნახეთ: მარჯვნიდან დაბალი პასის შემდეგ, მარკო როისმა ახლოდან ააცილა... გავიდა ორი წუთი და "მგლებმა" გაათანაბრეს, კერძოდ, ნალდოს საჯარიმო დარტყმული ლანგერაკმა მოიგერია და ბრაზილიელმა ლუის გუსტავომ 12-13 მეტრიდან გაიტანა - 1:1.

როისს რომ ის შანსი გამოეყენებინა, დიტერ ჰეკინგის გუნდს ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდებოდა და არავინ იცის, თასს ვინ ასწევდა. თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. როისმა აშკარად ჩააგდო ფინალი. მეტიც, მისი ასეთი სუსტი თამაში ძნელად გასახსენებელია...

პირველივე ტაიმში, ექვსწუთიან მონაკვეთში "ვოლფსბურგმა" ორჯერ გაიტანა: ჯერ ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა გაისროლა შორიდან და ლანგერაკი უძლური გამოდგა. მალევე, ხორვატი პერიშიჩის მარჯვნიდან ჩაწოდებულს ჰოლანდიელი დოსტის თავური მოჰყვა და 1:3.

დე ბრუინი - ნახევარმცველი, რომელმაც ბუნდესსეზონი 21 საგოლე პასით დაასრულა, ფინალშიც შეუჩერებელი იყო. მე-40 წუთზე ჰუმელსი ეუხეშა და კინაღამ შესაცვლელი გახდა, მაგრამ მაინც დარჩა მოედანზე და მეორე ტაიმშიც დაეხმარა "მგლებს".

მეორე ნახევარში, თავიდან იაპონელ კაგავას არ გაუმართლა, როცა ძელს მოარტყა ბურთი. მერე მხითარიანმა იაქტიურა რამდენჯერმე, ერთხელაც ობამეიანგს მეკარე ბენალიომ აუღო რთული ბურთი. და მაინც, "დორტმუნდი" ისე ვერ უტევდა, როგორც ამას ორი-სამი წლის წინ ახერხებდა: სად გიოტცე-ლევანდოვსკი-როისის სამეული და სად ახლანდელი. როისიღა დარჩა, მაგრამ ბერლინში ისიც თავის აჩრდილს ჰგავდა.

გერმანიის თასის ფინალი

დორტმუნდი-ვოლფსბურგი 1:3 (1:3)

დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი (პიშჩეკი 68), სუბოტიჩი, ჰუმელსი, კელი (ბლაშჩიკოვსკი 68), გიუნდოგანი, კაგავა, როისი (იმობილე 79), მხითარიანი, ობამეიანგი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიერინია, ტიმ კლოზე, ნალდო, როდრიგესი, არნოლდი (შიურლე 80), ლუის გუსტავო, კალიჯური (ტრაში 85), დე ბრუინი, პერიშიჩი (გულავოგი 74), დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (5), 1:2 ლუის გუსტავო (22), 1:2 დე ბრუინი (32), 1:3 დოსტი (38)

გაფრთხილება: მხითარიანი (61), შმელცერი (84), დე ბრუინი (88), ვიერინია (90+2)

მსაჯი: ბრიხი

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 15 (4) - 16 (8), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 4-5, სეივი: 5-3, ჯარიმა: 16-15

0.197485