საფეხბურთო კლუბ არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში მიიჩნევს, რომ ქართველ შემტევ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს ფანტასტიური პროგრესი აქვს და მაღალი დონის ფეხბურთელია. მის აზრით, არნემელთა გუნდის კაპიტანმა ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამაც საგრძნობად მოუმატა.
“ჩემი აზრით, ბევრმა ფეხბურთელმა საუცხოოდ იმუშავა – ბერტრან ტრაორემ, დევი პროპერმა და რა თქმა უნდა ვალერი ყაზაიშვილმა. ვფიქრობ, რომ გურამ კაშიამაც საგრძნობად მოუმატა. პირველ ყოვლისა როგორც პიროვნებამ და ცხადია, თამაშით. “ზვოლესთან” მატჩში მან გამაოცა. პირველად მოხდა, რომ მეტოქე ახლოს არ მოუშვა. ამით დიდი ნდობა დაიმსახურა.
ვაკოს გურამის შვილს ვეძახით. თუ ხედავთ გურამს, მის გვერდით ყოველთვის ვაკოა ან პირიქით. პირველი დღიდან, როდესაც გუნდში მივედი, ამ ბიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მან მართლაც წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ვფიქრობ, ის დიდი ფეხბურთელია.
ყველაზე დიდი ნაბიჯი მოედანზე გადადგა. არნემში ჩასულს მითხრეს, რომ მას ვერ დაველაპარაკებოდი, რადგან ბიჭმა ინგლისური არ იცოდა. ვაკო ძალიან მორიდებული იყო და მას არავინ ესაუბრებოდა. თუმცა, მოგვიანებით ინგლისურად საუბარი დაიწყო და ვიცით როგორი ხმა აქვს.
მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თორემ მალე დაგვტოვებს. მე არ ვგულისხმობ, რომ ამ ზაფხულს დავკარგავთ, მაგრამ ვაკო იმ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია” – იუწყება ბოშის სიტყვებს ინტერნეტპორტალი telegraaf.nl-ი.
“ჩემი აზრით, ვაკო დიდ ყურადღებას იმსახურებს. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წყნარი ბიჭია, მაგრამ კარგი მონაცემები აქვს.
ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, რომ მწვრთნელის აზრით როგორც ფეხბურთელმა მოვუმატე.
რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ამ სეზონის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება. ბერტრან ტრაორე და დევი პროპერი სხვა გუნდში წასასვლელად მზად არიან. თუმცა, ესეც “ვიტესის” პოლიტიკის ნაწილია.
კლუბში კიდევ ერთი წელი დავრჩები, რადგან კონტრაქტი მაკავშირებს, ხოლო შემდეგ ჩიტივით თავისუფალი ვიქნები. თუ დავრჩები, ვაკოც დარჩება. მას ვურჩიე, რომ “ვიტესში” კიდევ ერთი წელი დარჩეს, რათა განვითარდეს. იმედია, რომ სეზონს კარგად დავასრულებთ და ევროთასებზე ვითამაშებთ”- განაცხადა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.