რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იოზეფ ბლატერს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შვეიცარიელის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მაღალი ავტორიტეტი დაეხმარება ფეხბურთის პოპულარობის გაზრდაში.
იოზეფ ბლატერმა ფიფას არჩევნები ზედიზედ მეხუთედ მოიგო. შვეიცარიელი პირველად 1998 წელს გაპრეზიდენტდა.
რუსეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია და ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებს გულისყურით აკვირდებოდა.
მსოფლიო საფეხბურთო წრეებში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რუსეთმა მუნდიალის ჩატარების უფლება კორუფციის გზით მოიპოვა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფართო გამოძიების შედეგად ფიფას ამჟამინდელი და ყოფილი წევრები კორუფციაში ამხილა. აშშ კვლავ განაგრძობს გამოძიებას და შესაძლოა ბრალდებულებს ბევრი ადამიანი დაემატოს.