27 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა პრესკონფერცია გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და "პრაიმ-სპორტს მენეჯმენტის" პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი.
პრესკონფერენციის თემა იყო ქართველ უშუისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე და ასევე საქართველოში უშუს ევროპის ჩემპიონატების ორგანიზება 2017 და 2018 წლებში.
ბულგარეთის ქალაქ სტარაზაგორაში გამართულ კონგრესზე სხვა საკითხებთან ერთად მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2017 წელს (ტრადიციულ სტილში) და 2018 წელს (სპორტულ სტილში) ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების თაობაზე.
კონგრესზე საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ გააკეთა საქართველოს პრეზენტაცია და 26 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად მხარი დაუჭირა თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას. საქართველოს მთავარი კონკურენტი იყო უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვერულიძე არჩეულ იქნა 15 კაციან ევროპის აღმასრულებელ საბჭოში. გარდა ამისა, მას მიენიჭა საერთაშორისო B კატეგორიის მსაჯობის სერტიფიკატი.
წელს ევროპის უშუს ფედერაციის დაარსების 30 წელი შეუსრულდა. კონგრესზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და უშუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იუ ზაიჩინგი, რომელმაც 2017 წლისთვის თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. სულ მალე კი 3-6 ივლისს თბილისში გაიმართება უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩამოვა ევროკომისია, რომლის მოვალეობაც იქნება წინასწარი შეფასება ჩვენი ქვეყნის მზადყოფნისა ევროშეჯიბრისთვის.
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები 13-23 მაისს იმყოფებოდა ევროპის მე-3 ჩემპიონატზე ტრადიციულ უშუში ქალაქ სტარაზაგორაში (ბულგარეთი), სადაც 26 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას.
საქართველოს დელეგაცია წარდგენილი იყო 6 კაციანი შემადგენლობით. ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ჩემპიონატი.
ახალგაზრდებში
დავით გულისაშვილი - ფანცზი ცუიანი მე-2 ადგილი, შაოლინის ძიანი მე-3 ადგილი და პუდაო (გრძელი იარაღი) მე-3 ადგილი
დიდებში
ნინო ჩიხლაძე - ჩენ ტაიციცუიანი მე-3 ადგილი და ჩენ ტაიციძიანი (მახვილი) მე-3 ადგილი
ლაშა სუმბულაშვილი - ტაიცი ფან (მარაო) მე-2 ადგილი
ვლადიმერ ბურჭულაძე - ვინჩუნი მე-4 ადგილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური