ფეხბურთი

13:17 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩივაძემ ევრო-2017-ის შესარჩევის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სან-მარინოს ნაკრებთან პირველი მატჩისთვის მოემზადებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ჩივაძემ შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (“საბურთალო”), ბაჩო მიქავა (“ლოკომოტივი”, თბილისი), რომან ტაკიძე (“მაჭახელა”, ხელვაჩაური)

მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე “ლოკომოტივი”), ავთო ენდელაძე (“ზუგდიდი”), ლაშა დვალი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (“დინამო”), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე “სიონი”), გიორგი გადრანი (“ჩერნომორეცი”, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე (“ბასტია”, საფრანგეთი), გიორგი ერისთავი (“დილა”), ლევან შენგელია (“კოლხეთი”), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა “დინამო”), ირაკლი გოგინაშვილი (“საქსანი“, მოლდოვა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული (ორივე “ცხინვალი”), დათო დარციმელია (“სპარტაკუსი”, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი).

21-წლამდელები 28 მაისს სასტუმრო “ბომონდ გარდენში” დაბინავდებიან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ივარჯიშებენ. ჩამოთვლილთაგან ჩივაძე 18 ფეხბურთელს შეარჩევს, რომლებიც პირველ ივნისს სან-მარინოში გაფრინდებიან. დანიშნულების ადგილზე ჩასულ ნაკრებს გიორგი გადრანი და ლაშა დვალი შეუერთდებიან.

მომავალი მატჩი 3 ივნისს შედგება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ქართველი 21-წლამდელები ევრო-2017-ის შესარჩევში მე-6 ჯგუფში იმყოფებიან, სადაც დაპირისპირება ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან მარინოს ნაკრებებთან მოუწევთ.

ჯგუფების გამარჯვებულები 2017 წლის ივნისში პოლონეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. საუკეთესო შედეგის 4 მეორეადგილოსანი (გათვალისწინებულია ჯგუფის პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულ ნაკრებებთან შედეგები) დანარჩენი 2 საგზურის ბედს პლეი ოფში გაარკვევენ. მასპინძელი პოლონეთი დასკვნით ეტაპზე ავტომატურად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 8-ის ნაცვლად პირველად 12 ნაკრები იასპარეზებს.

2017 წლის შესარჩევში მონაწილეობის უფლება 1994 წლის 1 იანვარს და მის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118465