კალათბურთი

12:32 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

26 მაისისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა 3X3 საკალათბურთო ტურნირი გოგონათა შორის, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

რუსთაველის გამზირზე მრავალი ღონისძიება თუ საპრეზენტაციო აქცია გაიმართა, რომელთა შორისაც მაყურებელთა სიმრავლესა და ინტერესს თუ გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი საკალათბურთო ტურნირს ეკავა.

ტურნირის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო და მას ღონისძიების ჩატარებაში კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაეხმარა. ტურნირს მხარდაჭერა გამოუცხადეს კომპანია „რედბულმა" და საკალათბურთო სუპერლიგის გენერალურმა პარტნიორმა კომპანია „ვიტაბიოტიკსმა". ამ უკანასკნელმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზი - ვიტამინების კრებული დააწესა.

ტურნირში მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ და პლეი ოფის 4 მონაწილე - ნახევარფინალისტი გამოავლინეს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები „მეასე" და „რებოუნდ".

ამ გუნდების წევრები საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ოლიმპიური ნაკრების მოთამაშეები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსებას თბილისში დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაიცავენ. ტურნირზე მოვიდა და ნახევარფინალურ მატჩებს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე, რომელთანაც ტურნირის მონაწილეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

ისევე როგორც ყველა მანამდელი შეხვედრა, „მეასემ" ფინალური მატჩიც დამაჯერებელი სხვაობით (12:4) იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. ღონისძიებას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

ფინალური მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მეორე ადგილის მფლობელი გუნდი მედლებითა და შესაბამისი სიგელებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა. მანვე გადასცა პრიზი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ გუნდ „მეასეს" ლიდერ ნატალია ოთხმეზურს.

ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლებს მედლები და საჩემპიონო თასი გადასცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელმაც გამარჯვებულებთან და ტურნირის ორგანიზატორებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

www.gbf.ge

0.16993