ფეხბურთი

10:02 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული “ნათლობა” ევროპის ლიგის ფინალში

2015 წლის 27 მაისს პირველად მოხდება ის, რაც ქართულ ფეხბურთში აქამდე არასდროს მომხდარა. დღეს, ქართველი ფეხბურთელი რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის, უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს. ეს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იქნება, რომლის “დნიპროც” ამ ტურნირის ფინალში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე “სევილიას” დაუპირისპირდება.

ბოლო 9 წლის განმავლობაში “სევილია” უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში მეოთხედ ითამაშებს და ანდალუსიელები მე-4 თასის მოგებას ეცდებიან, რაც რეკორდი იქნება. “დნიპრო” ასეთი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. დნიპროპეტროვსკელები ევროპული ტურნირის ფინალში პირველად გავიდნენ.

“დნიპრო” და “სევილია” ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

უკრაინელებს ესპანეთის წარმომადგენლებთან ერთადერთხელ უთამაშიათ. 2004 წელს, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, ისინი სარაგოსაში ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

“სევილია” უკრაინულ გუნდს მეხუთერ შეხვდება. წინა 4 დაპირისპირებიდან 3 ანდალუსიელებმა მოიგეს, ხოლო 1 ფრედ დასრულდა.

დნიპროპეტროვსკელებმა, დღევანდელ მატჩამდე, დიდი გზა განვლეს. მათ ასპარეზობა ევროპის ლიგის ფლეი ოფში დაიწყეს, სადაც “ჰაიდუკი”, 2 მატჩის ჯამში, 2:1 დაამარცხეს. შემდეგ იყო “ინტერის”, “ყარაბაღისა” და “სენტ ეტიენის” ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება, რასაც “ოლიმპიაკოსის” (2 მატჩის ჯამში 4:2), “აიაქსის” (2:2 და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესით გასვლა), “ბრიუგესა” (1:0) და “ნაპოლის” (2:1) დამარცხება მოჰყვა. როგორც ხედავთ, მირონ მარკევიჩის გუნდს იოლი გასეირნება არცერთ მეტოქესთან ჰქონია.

“სევილიამ” გათამაშება ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. ანდალუსიელებმა, “ფეიენორდის” შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავეს. მათ “რიეკასა” და “სტანდარდს” აჯობეს. 1/16-ფინალში “სევილიამ” “გლადბახს” ორივე თამაში მოუგო, საერთო ჯამში 4:2. იგივე მოხდა 1/8-ფინალშიც, სადაც ემერის გუნდმა “ვილიარეალს”, 2 მატჩის ჯამში, 5:2 სძლია. “სევილიას” ყველაზე მეტად 1/4-ფინალში გაუჭირდა, მაგრამ “ზენიტთან” გამართულ საშინაო მატჩში 2:1 მოგების შემდეგ, ესპანელებმა რუსეთში 2:2 ითამაშეს და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვეს სადაც მათ “ფიორენტინა” ელოდათ. ფინალამდე ბოლო ეტაპზე უნაი ემერის გუნდმა, მოულოდნელად, ძალზე იოლად იმარჯვა. ანდალუსიელებმა შინ 3:0, ხოლო სტუმრად 2:0 მოიგეს.

გუნდები დღევანდელ მატჩს ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობით ხვდებიან. “დნიპრომ”, უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში უშუალო კონკურენტს, “შახტარს” მოუგო და დონეცკელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-2 ადგილს იკავებენ, ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.

“სევილია”, ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდა. ანდალუსიელებმა, გასულ შაბათს, მოიგეს, მაგრამ იგივე გააკეთა “ვალენსიამაც”, რომელმაც უნაი ემერის გუნდს მე-4 ადგილი არ დაუთმო. ეს ნიშნავს, რომ “სევილიას”, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, დღევანდელი დაპირისპირების მოგება მართებს.

ფინალურ მატჩს ორივე გუნდი 2-2 დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო, “დნიპროს” ზოზულია და კრავჩენკო, ხოლო “სევილიას” პარეხა და ბეტო არ ეყოლებათ.

ამ წყვილის გამარჯვებული 11 აგვისტოს, თბილისში გასამართ ევროპის სუპერთასზე, "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის უფრო ძლიერს შეხვდება.

  • “დნიპრო” ევროთასის ფინალში პირველად ითამაშებს. ეს გუნდი უკრაინის მე-3 წარმომადგენელია (კიევის “დინამოსა” და დონეცკის “შახტარის” შემდეგ), რომელმაც “უეფას” ეგიდით გამართული ტურნირის ფინალში გააღწია;
  • “სევილია” უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში მეოთხედ ითამაშებს. ესპანელებმა წინა სამ შემთხვევაში ტიტული მოიგეს;
  • უკრაინულ და ესპანურ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან ესპანელებმა მხოლოდ 1 წააგეს;
  • “სევილიას” უკრაინულ გუნდთან არასდროს წაუგია;
  • ევროპის ლიგის ბოლო 2 ფინალი, რომლის ბედიც თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, “სევილიამ” მოიგო;
  • ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 14 მატჩში, “დნიპრომ” 13 გოლი გაიტანა, “სევილიამ” კი, ამდენივე შეხვედრაში, 2-ჯერ მეტი – 26 გოლი;
  • ევროტურნირის ფინალში უკრაინული და ესპანური გუნდები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 1986 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, კიევის “დინამომ” მადრიდის “ატლეტიკო” 3:0 გაანადგურა;
  • “სევილიას”, ევროპის ლიგაზე, 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “სევილიას” ფეხბურთელი დანიელ კარისუ ევროპის ლიგის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. მის ანგარიშზე ამ ტურნირზე ჩატარებული 47 მატჩია;
  • მიმდინარე გათამაშებაში თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ, 31-ჯერ, “დნიპროს” ფეხბურთელმა, რუსლან როტანმა დაარღვია. იმ 5 ფეხბურთელს შორის, რომლებიც ყვითელ ბარათებს ყველაზე ხშირად იღებდნენ, 4 უკრაინულ გუნდში თამაშობს (არტემ ფედეცკი 7 გაფრთხილება, რუსლან როტანი – 6, ჯაბა კანკავა – 6 და რომან ზოზულია – 5;
  • დღეს მოთამაშე ფეხბურთელთა შორის ევროთასებზე ასპარეზობის ყველაზე დიდი გამოცდილება “სევილიას” შემტევს, ხოსე ანტონიო რეიესს აქვს, რომლის აქტივშიც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ჩატარებული 90 თამაშია. “დნიპროს” მხრიდან ლიდერი რუსლან როტანია (63 თამაში);
  • “სევილიას” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც უეფას თასს/ევროპის ლიგას მეოთხედ მოიგებს. ანდალუსიელთა მსგავსად, ეს ტურნირი სამ-სამჯერ მოუგიათ “ინტერს”, “იუვენტუსსა” და “ლივერპულს”;
  • არცერთ ესპანურ გუნდს, ევროპის ლიგის (2009 წლიდან) ფინალში, არაესპანურ გუნდთან არ წაუგია;
  • “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც უეფას თასის/ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს;
  • დღეს ერთმანეთს ის მწვრთნელები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ევროპის ლიგის მატჩში გუნდის გაყვანის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. უნაი ემერი ამ ტურნირზე გუნდს 50-ედ უთავკაცებს, ხოლო მირონ მარკევიჩი – 42-ედ;
  • “სევილია” ქალაქ ვარშავაში ოფიციალურ მატჩს პირველად ჩაატარებს. თუმცა, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე პირველი 2 გოლი სწორედ ანდალუსიური გუნდის ფეხბურთელებმა გაიტანეს. 2012 წლის 17 აპრილს, “ლეგიასა” და “სევილიას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი სტუმრებმა 2:0 მოიგეს. იმ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებიდან “სევილიაში” დღეს მხოლოდ ფერნანდო ნავარო ირიცხება;
  • “დნიპრო” პოლონეთის დედაქალაქში მეორედ ითამაშებს. 1986/87 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ ეტაპზე, უკრაინელებმა “ლეგიასთან” 0:0 ითამაშეს.

სავარაუდო შემადგენლობები

დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო, ფედეცკი, ჩებერიაჩკო, დუგლასი, მატოსი, კანკავა, ფედორჩუკი, ლუჩკევიჩი, როტანი, კონოპლიანკა, სელეზნიოვი.

სევილია (4-2-3-1): რიკო, კოკე, კოლოძიეჩაკი, კარისუ, ტრემულინა, კრიხოვიაკი, მბია, ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო, ბაკა.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

0.249582