იტალიურმა “კანტუმ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იცავს, “უმანა ვენეციას” მე-2 საშინაო მატჩიც მოუგო (81:64) და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, 4 პერსონალური ფოლი მალე “აკრიფა” და მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა. შერმადინის მონაგარი 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი იყო. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
სერიის გადამწყვეტი მატჩი 27 მაისს ვენეციაში ჩატარდება.
ამავე დღეს, მე-5 თამაშის ჩატარება მოუწევს ჯეიკობ პულენის “ენელ ბრინდისისაც”, რომელიც შინაურ კედლებში “რეჯიო ემილიასთან” 62:73 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა, მიზანს ვერ უწია.
პულენი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. ჯეიკობმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანებშიც ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა.
ამერიკელმა კალათბურთელმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი პერსონალური ფოლი არ მიუღია.
წარმატების შემთხვევაში, შერმადინის და პულენის გუნდები ნახევარფინალში სწორედ ერთმანეთზე გადიან, მე-2 ნახევარფინალი უკვე დააკომპლექტეს მილანის “ემპორიო არმანიმ” და “დინამო სასარიმ”.