ესპანეთის ლა ლიგის 2014-2015 წლების სეზონი დასრულდა. კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ჭიდილში გამარჯვება კატალონურ გრანდს დარჩა და ქვეყნის ჩემპიონი 23-ედ გახდა.
ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა goal.com-მა განვლილი სეზონი შეაჯამა და სიმბოლური გუნდიც შეადგინა, რომელშიც "ბარსელონა" ფეხბურთელები სჭარბობენ.
მეკარე:
კლაუდიო ბრავო ("ბარსელონა")
ჩილელი მეკარე "კამპ ნოუზე" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადიდან" სეზონის წინ გადავიდა. მას გერმანელ ტერ შტეგენთან კონკურენცია უწევდა. ლუის ენრიკემ გამოსავალი მარტივად იპოვნა - ბრავო ლა ლიგაში, ხოლო გერმანელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. 32 წლის მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში 37 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 19 გოლი გაუშვა.
მცველები:
ნიკოლას ოტამენდი ("ვალენსია")
არგენტინელი ნიკოლას ოტამენდი "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგაზე ორწლიანი პაუზის შემდგომ დაბრუნებაში დაეხმარა. 27 წლის მოთამაშე "მესტალიაზე" გასულ ზაფხულს "ატლეტიკო მინეიროდან" გადაბარგდა. მან ლა ლიგაში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გარდა დაცვაში დამაჯერებელი თამაშისა, მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა.
ხერარდ პიკე ("ბარსელონა")
სეზონის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა "ბარსელონას" უკანახაზელი ხერარდ პიკე, რომელსაც ერთი წლის წინანდელი სეზონის გამო კრიტიკა არ მოჰკლებია. 28 წლის ესპანელმა წლეულს 27 შეხვედრაში 5 გოლიც გაიტანა.
სერხიო რამოსი ("რეალი")
პიკეს მხარდამხარ ვხედავთ მის სანაკრებო თანაგუნდელს, ისე კი "რეალის" დაცვის ბურჯ სერხიო რამოსს. 29 წლის ფეხბურთელი "სამეფო გუნდის" დაცვის ხაზში ტრადიციულად დამაჯერებელი იყო. მან მოედანზე გასვლა 27-ჯერ მოახერხა და თავის გამოჩენა 4-გზის მოახერხა.
ნახევარმცველები:
სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა")
"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის სერხიო ბუსკეტსის სიმბოლურში მოხვედრა გასაკვირი სულაც არაა. 26 წლის შუა ხაზელმა მეტოქეებს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა (33 მატჩში), მაგრამ ეს მისი მოვალეობაა არცაა. სამაგიეროდ, ჩინებულად ირჯებოდა მეტოქეთა იერიშების ჩაშლისას.
ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა")
ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" სეზონის დაწყებამდე "სევილიადან" შეუერთდა. მას სესკ ფაბრეგასი უნდა შეეცვალა, რაც ადვილად მოახერხა. გარდა ამისა, გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი ჩავი დიდ წილად სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო. ხორვატმა ფეხბურთელმა 32 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
ხამეს როდრიგესი ("რეალი")
კოლუმბიელი ნახევარმცველი დიდებულად ჩატარებული მუნდიალის მერე "რეალში" აღმოჩნდა. 23 წლის შემტევს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის დამკვიდრება არ დასჭირვებია და გუნდის ლიდერად მალევე იქცა. ხამესმა 29 თამაშში 13 გოლი გაიტანა. რომ არა ტრავმა, რის გამოც რამდენიმე თამაში გაუცდა, ვინძლო მისი მაჩვენებელი გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო.
ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო")
ანტუან გრიზმანი "რეალ სოსიედადში" წარმატებული თამაშის წყალობით მადრიდის "ატლეტიკოში" აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფრანგს თავიდან დიეგო სიმეონეს სასტარტოში მოხვედრა გაუჭირდა, თუმცა ნელ-ნელა თავისი ადგილი იპოვნა და საბოლოოდ ჩინებული სეზონის ჩაატარა. 37 შეხვედრაში 24 წლის ფრანგმა 22 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც შეიქნა.
თავდამსხმელები:
კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი")
მადრიდის "რეალი" ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად პორტუგალიელის დამსახურება გახლდათ. რონალდუმ 35 მატჩში თავი 48-ჯერ გამოიჩინა და "პიჩიჩის" ტიტულიც დაისაკუთრა. მანვე აწ დასრულებულ სეზონში ლა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიქების რეკორდიც დაამყარა.
კარლოს ბაკა ("სევილია")
"სევილიას" ოთხეულში მოხვედრამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. მიუხედავად ამისა, უნაი ემერის გუნდმა მაინც საოცარი სეზონი ჩაატარა. გუნდის ლიდერი კი შარშანდელის მსგავსად კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა გახლდათ, ვინაც 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა და წინა სეზონის პირადი შედეგი 4 გოლით გააუმჯობესა.
ლიონელ მესი ("ბარსელონა")
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა რონალუდსთან ბომბარდირობა დათმო, თუმცა "ბარსელონას" გაჩემპიონებაში მან უდიდეს როლი ითამაშა. მესიმ ლა ლიგის უკლებლივ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეები კი 43-ჯერ დაამწუხრა. იგი რონალდუს 5 გატანილი გოლით ჩამორჩა.