დღეს, იტალიის სერია A-ს XXXVII ტური მთავარი მატჩით დასრულდება. დედაქალაქში დერბი "დელა კაპიტალე" გაიმართება. ნომინალური მასპინძლის რანგში "ლაციო" მოგვევლინება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაფორმებას საკუთარი ქომაგების თვალწინ შეეცდება.
"რომას" გაისად სალიგო საგზური გარანტრებული აქვს. ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი რუდი გარსიას გუნდი პირდაპირ ჯგუფში მოხვდება თუ პლეი-ოფით შეეცდება ჯგუფში შესვლას. მეორე ადგილზე გასასვლელად "ჯალოროსის" მოგება სჭირდება, თუმცა მათთვის არც ფრე იქნება მიუღებელი შედეგი. თავის მხრივ, "ლაციო" ფრის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მინიმუმ პლეი-ოფით ინაღდებს, მაგრამ თუ საძულველ მეტოქეს აჯობებს, მაშინ მეორე ადგილს ერთობ დაუახლოვდება. არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი - სტეფანო პიოლის გუნდი მარცხის შემთხვევაში ლიგის საგზურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება. "არწივები" "ნაპოლის" სამი ქულით სჯაბნიან, ბოლო ტურში კი სწორედ ნეაპოლს სტუმრობენ და შესაბამისად დღეს და ერთი კვირის თავზე ქულის ვერ მოპოვების შემთხვევაში "ლაციო სამეულს დაემშვიდობება.
"ლაციოს" ტრავმების გამო ლუკას ბილია, ლორიკ სანა, ედერსონი და სტეფან რადუ დააკლდება, ხოლო "რომას" მაიკონი, ლეანდრო კასტანი, კევინ სტროტმანი და კოტ დივუარელი ჟერვინიო.
ამ გუნდთა პირველი წრის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მაშინ "ლაციო" ფელიპე ანდერსონისა და სტეფანო მაურის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ფრანჩესკო ტოტიმ თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის 20:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ლაციო" (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, ჯენტილეტი, ლულიჩი; კატალდი, პაროლო; კანდრევა, მაური, ანდერსონი; კლოზე
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ტოროსიდისი; კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი; პიანიჩი, ტოტი, იბარბო
მწვრთნელი: რუდი გარსია
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი