ფეხბურთი

23:24 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები: "ომონიამ" ევროსაგზური მოიპოვა

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში ლარნაკას “აეკმა” შინ 2:0 დაამარცხა “ანორთოსისი.” ფამაგუსტელთაგან გიორგი აბურჯანიას მთელი სათამაშო დრო დაეთმო, ირაკლი მაისურაძე კი განაცხადში არ იმყოფებოდა. “ანორთოსისმა” სეზონი 52 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროსაგზური ვერ მოიპოვა.

ბოლო ტურში “ომონია” დამარცხდა, თუმცა ევროსაგზური მოიპოვა. “აპოლონმა” შინ 2:1 დაამარცხა “ომონია,” რომლის შემადგენლობაში უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა. “ომონია” პირველ ექვსეულში 56 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ქართველი მცველის გუნდი შემდეგ სეზონში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-10 ტურში კტპ-მ სტუმრად 2:0 დაამარცხა “იარო.” კტპ-ს შემადგენლობაში გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. ფინეთის რანგით პირველ ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს. კტპ 9 ქულით მე-9 ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 33-ე ტურში “ბალტიკამ” შინ 1:0 დაამარცხა “სიბირი.” მასპინძელთა განაცხადში მეკარე გიორგი შელია ვერ ვიხილეთ. რუსეთის პირველი დივიზიონის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ბალტიკა” 36 ქულით მე-15 ადგილზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონში “ვოლგარმა” შინ “ტოსნოს” უმასპინძლა (0:0). მასპინძელთა შემადგენლობაში თემურ ბუკიამ სრულად ითამაშა. “ტოსნოს” მაისურით გურამ თეთრაშვილს მთელი სათამაშო დრო დაეთმო, 90-ე წუთზე კი გააფრთხილეს. “ტოსნოს” განაცხადში გიორგი ნავალოვსკი და ნუკრი რევიშვილი მოხვდნენ, თუმცა არ უთამაშიათ. “ვოლგარი” 49 ქულით მე-7 ადგილზეა, “ტოსნო” კი 65 ქულით მე-3 ადგილზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონში “ორენბურგმა” შინ “ტომსკი” მიიღო (1:1). “ტომსკის” შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე ანზორ სანაიამ სრულად ითამაშა. “ტომსკი” 61 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში კიევის “დინამომ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “კარპატი.” ლვოველთა შემადგენლობაში ამბროსი ჩაჩუამ სრულად ითამაშა, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგო იყო. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “კარპატი” 14 ქულით მე-13 ადგილზეა.

ლუგანსკის “ზორიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა ზაპოროჟიეს “მეტალურგი,” რომლის შემადგენლობაში ვალერიან გვილიამ სრულად ითამაშა. “ზორიას” მწვრთნელმა 65-ე წუთზე ჯაბა ლიპარტია ჩართო თამაშში. ზაპოროჟიეს “მეტალურგი” 25 ქულით მე-10 ადგილზეა, “ზორია” კი 44 ქულით მეოთხეა.

პოლტავას “ვორსკლამ” შინ 2:0 დაამარცხა ოდესის “ჩერნომორეცი.” მე-40 წუთზე ოდესელთა ქართველი მცველი გიორგი გადრანი ჩაერთო თამაშში. “ჩერნომორეცი” 20 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.120941