კალათბურთი

14:01 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა კანტუელებს მეოთხედფინალში პირველი გამარჯვება მოუტანა
პულენის გუნდს ნახევარფინალამდე 1 მოგება აშორებს

გიორგი შერმადინის “კანტუს” “უმანა ვენეციასთან” მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 მატჩი წაგებული ჰქონდა და კიდევ 1 მარცხის შემთხვევაში, სერიას ეთიშებოდა, თუმცა, ქართველი კალათბურთელის დიდებული თამაშის წყალობით, გამარჯვება მოახერხა – 90:80.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გასულ მატჩში შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 4 დაფარება და 2 პასი მიითვალა.

გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა, მოკლედ, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც სამართლიანად დაასახელეს.

25 მაისს კანტუელები ვენეციელებს შინ კიდევ ერთხელ მიიღებენ და წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშს გაათანაბრებენ, გადამწყვეტ თამაშს კი 27 მაისს “უმანა ვენეცია” მიიღებს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ჯეიკობ პულენის “ენელ ბრინდისიმაც”. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის კლუბი “რეჯიო ემილიას” დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში 62:58 სძლია. შედეგად, “ენელ ბრინდისი” სერიაში 2:1 დაწინაურდა და მიზნამდე 1 გამარჯვება აშორებს.

პულენი სასტარტოში იყო და 32 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჯეიკობმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი ფოლი 4-ჯერ დაფიქსირდა.

კანტუელთა დარად, “ენელ ბრინდისიც” მე-2 საშინაო მატჩს 25 მაისს ჩაატარებს.

0.109692