კალათბურთი

13:51 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა

კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა. ეს მოხდება 18 ივლისს, ფიბა-ევროპის მიერ წამოწყებულ სააგიტაციო აქციის ფარგლებში. ნიკოლაი სემაშკოს სახელობის ევროპის საჩემპიონო თასმა მოგზაურობა 19 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დაიწყო და სანამ 30 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნში მოგზაურობას დაასრულებდეს, სხვადასხვა ქვეყნის 24 ქალაქს მოივლის.

მთლიანობაში – რიგისა და კიოლნის ჩათვლით ევროსაჩემპიონო თასი 26 ქალაქ მოივლის და თბილისი მისი მე-10 გაჩერება იქნება. სემაშკოს თასი რიგის შემდეგ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა და მისი მორიგი გაჩერება ისლანდიური რეიკიავიკი იქნება, სადაც 3-4 ივნისს დარჩება და გეზს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებისკენ აიღებს.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია და ეს ამ ტიტულის მეორე ორიგინალური ვერსიაა. წინა თასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატების დასაბამიდან თამაშდებოდა, ბოლოს 1993 წელს გერმანიის ნაკრებმა აღმართა. იქვე გადაწყდა, რომ დამზადდებოდა ახალი, უფრო ძვირფასი თასი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონებს გადაეცემოდათ. თასი გერმანელმა ოქრომჭედელმა, გიუნტერ შიობელმა დაამზადა და ის 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 18 კილოგრამს იწონის. ის შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია, გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს. თასი შეიცავს აგატს, ამეთვისტოს, ყვითელ კვარციტს, გრანიტს, მალაქიტს.

რაც შეეხება ნიკოლაი სემაშკოს, ის ფიბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი დიდმოხელე იყო, რომელიც ამ ორგანიზაციის დიდების დარბაზშია შესული. სემაშკო გახლდათ საბჭოთა კავშირის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავდროულად ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი 1960-76 წლებში. იგი იყო საერთაშორისო კლასის არბიტრი 1947-2007 წლებში და არის ავტორი რამოდენიმე მონუმენტური წიგნისა, რომელიც ეხება ფიზმომზადებასა და ვარჯიშების დაგეგმვას კალათბურთში.

თასი, რომელიც ევროპას შემოივლის და საქართველოში 18 ივლისს ჩამოვა, სხვადასხვა დროს აღმართული აქვთ ევროპული კალათბურთის ტიტანებს - ვლადე დივაცს, გრეგორ ფუჩკას, ალექსანდრ ჯორჯევიჩს, დეიან ბოდიროგას, შარუნას იასიკევიჩუსს, ანდრეი კირილენკოს, თეოდორას პაპალუკასს, ხუან კარლოს ნავაროს და ბორის დიოს – ესენი გახლდნენ 1995 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონების კაპიტნები, რომლებსაც ხვდათ პატივი, კონტინენტის უმთავრესი საკალათბურთო ტიტული თავისი გუნდიდან პირველებს აღემართათ.

www.gbf.ge

0.111236